18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
მზადება საკონსტიტუციო ცვლილებისთვის - განხილვის დაწყებამდე ოპოზიცია ხელისუფლებას შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო განხილვებისთვის ემზადება. ორშაბათიდან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დეპუტატები საზოგადოებას გააცნობენ. COVID-19-ის გამო სავალდებულო პროცედურა ტრადიციულად მასშტაბური არ იქნება - საყოველთაო განხილვა ორ ქალაქში ჯერ თბილისში, შემდეგ კი ბათუმში ჩატარდება.

ვიდრე მმართველი გუნდი საყოველთაო განხილვების ჩატარებას დაიწყებს, ოპოზიცია ხელისუფლებისგან სულ სხვა ნაბიჯს ელოდება. თუ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს ოპონენტები "ქართულ ოცნებას" ახსენებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება, შესაბამისად მათი მხარდაჭერა საპარლამენტო კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მოთხოვნებში ერთიანია. პოლიტიკური პარტიები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება, კონსტიტუციის საერთო საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღებას აპირებს ნინო ბურჯანაძის პარტია "ერთიანი საქართველო".

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის 113 ხმაა საჭირო, ქართულ ოცნებას 93 დეპუტატი ყავს. დამოუკიდებელი დეპუტატები და "პატრიოტთა ალიანსი" წინასწარ აცხადებენ, რომ მხარდაჭერისთვის მზად არიან, ამის მიუხედავად მმართველი გუნდი დარწმუნებით ვერ ამბობს, რომ ოპოზიციის გარეშე კონსტიტუცია შეიცვლება. თუ პროექტი ჩავარდება, "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

საერთო სახალხო განხილვების დასრულების შემდეგ 21 ივნისიდან პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. საბოლოო კენჭისყრა კონსტიტუციაში ცვლილებების ჩატარების შესახებ, საკანონდებლო ორგანოში 29 ივნისს უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები