საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი და მეათე მოწვევის პარლამენტისთვის გათვალისწინებულ რეგლამენტში შესატანი ცვლილებები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც დღეს დეპუტატები ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
უმრავლესობის განცხადებით, რეგლამენტში ცვლილებები ახალ კონსტიტუციასთან თავსებადობის საფუძველზე ხორციელდება.
ბიუროს სხდომას კვლავ არ დაესწრებიან ოპოზიციის წევრები. ისინი ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
"ახალი ცვლილებების შესაბამისად, მომავალი მოწვევის პარლამენტში აღარ იქნება უმცირესობა, იქნება საპარლამენტო ოპოზიცია. ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, როგორც სუბიექტი აღარ იარსებებს. ერთი და იმავე პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები შეიძლება გაერთიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში და გამომდინარე აქედან, ბევრი სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება იქნება," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.