მმართველი გუნდის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა დაჯარიმებას დაექვემდებარება, ოპოზიცია დაგვიანებულად მიიჩნევს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები იმასაც აცხადებენ, რომ გარკვეული სანქციების დაწესება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
ამასთან, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ უნდა მოხდეს ჯარიმების შერჩევითი პრინციპით გამოწერა.
"ეს უნდა მომხდარიყო დიდი ხნით ადრე, მაშინ, როცა პარლამენტი იყო გაჩერებული პრაქტიკულად, მაშინ როდესაც ამ 2 თვენახევრის განმავლობაში სერიოზული პრობლემები იყო და მაშინ პარლამენტს თითი თითზე არ დაუდევს რეალურად.
კი, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რაღაც ჩარჩოს შემუშავება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამ წუთში იმ ადამინების ჯარიმებისგან გათავისუფლებაა, რომლებიც ამ პერიოდში სრულიად უსამართლოდ დაჯარიმდნენ. უსამართლოდ არა იმიტომ, რომ მათ წესები არ დაარღვიეს, არამედ იმიტომ, რომ ეს დაჯარიმება შერჩევითი იყო," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, გარკვეული ჯარიმები უნდა არსებობდეს, თუმცა მათი ოდენობა მოსახლეობის შემოსავლის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
"ჯარიმები გამოსავალი არ არის, თუმცა გარკვეული სახის ჯარიმები ბუნებრივია უნდა არსებობდეს დარღვევის შემთხვევაში. ის უნდა იყოს ადეკვატური მოსახლეობის შემოსავლისა, მაგრამ პირველ რიგში თავად ორგანიზებული უნდა იყოს ტრანსპორტი, რესტორნები თუ საზოგადოების თავშეყრის ადგილები ისე, რომ მაქსიმალურად გამორიცხოს დარღვევების შესაძლებლობა," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა დასჯადი გახდება - შესაბამისი ცვლილებების მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ პროფილურ კომიტეტებს უკვე დაავალა. ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა უნდა შეიმუშაონ ისეთი წინადადება, რომლის მიხედვითაც დამცავი ნიღბის გარდა, ჯარიმას უნდა ითვალისწინებდეს ასევე უსაფრთხოების სხვა წესის დარღვევაც.