8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაზე დავა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა პარლამენტში პოლიტიკური პროცესები აქტიურ ფაზაში შედის. საკონსტიტუციო კომისია დღეს შეთანხმდა, რომ 4 და 14 ივნისი საყოველთაო განხილვების დღე იქნება - ერთი თბილისში, მეორე კი ბათუმში. დისტანციურად დაფიქსირებული შენიშვნები ერთ ოქმში მოიყრის თავს და პარლამენტს დაუბრუნდება.
ყველანაირი გეგმით, 21 ივნისს კანონპროექტი პირველი მოსმენით უნდა განიხილონ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ და სხვებმაც მმართველ გუნდში იციან, რომ ორი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა არ იქნება - ანუ მინუს 26 ხმა უკვე დათვლილია. ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს სხდომიდან მიმართა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ეჭვქვეშ მას შემდეგ აღარ დგას, რაც დამოუკიდებელი და უფრაქციო დეპუტატების მხარდაჭერის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 120/30-ზე პროპორციული საარჩევნო სისტემა რეალობად იქცეს. თუმცა იქნება თუ არა ეს საკმარისი პროცესის ლეგიტიმაციისთვის - ამაში ეჭვი ეპარებათ "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც თვლიან, რომ უმცირესობის გარეშე მიღებულ კანონს ფასი ეკარგება, მათი პირობა უცვლელია - თავისუფლება გიორგი რურუას.
საკუთარი ხმებით ვერა, თუმცა დამოუკიდებელი დეპუტატების ხარჯზე "ოცნება" კანონპროექტის ჩავარდნას გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტების ამ ნაწილისთვის პროპორციული საარჩევნო მოდელი იმის შანსია, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკა დასრულდეს და ახალი ხედვებისა და ხმების მოსმენის შესაძლებლობაც გაჩნდეს, ამიტომ "ოცნებიდან" გასულებს ყოფილ თანაგუნდელებთან წინააღმდეგობების მიუხედავად, კანონპროექტისთვის მხარდაჭერა აქვთ გადაწყვეტილი. ზოგს დათქმებით, ზოგს კი დათქმების გარეშე.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გიორგი რურუას საკითხს ოპოზიცია საბაბად იყენებს. ოპონენტების პოზიციების მიღმა ისინი 120/30-ზე საარჩევნო პრინციპით მარცხის შიშს ხედავენ და მათი თქმით, პროცესი ოპონენტებს დესტრუქციულობისკენ ამიტომაც მიჰყავთ. ცვლილებები სწორედ ოპოზიციას სჭირდება - ფიქრობენ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.
იმისათვის, რომ ქვეყანა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს, პარლამენტში კანონპროექტის 3 მოსმენით დამტკიცებაა საჭირო, კონსტიტუციაში არჩევნებამდე 3 თვით ადრე ცვლილებები უნდა აისახოს.