18 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი "ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს - გიგა ბოკერია

ეყოლება, თუ არა ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ერთიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელზეც იქნება სრული კონსენსუსი - საკითხი ამ ეტაპზე ბუნდოვანია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თემაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა კონკრეტული განცხადებები უკვე კეთდება.

პირველი ვისი სახელიც გაჟღერდა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს კანდიდატურა არ განიხილება არც ახლა და არც მომავალში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მომავალი პრემიერი ეკონომიკური მიმართულებით გამოცდილი უნდა იყოს.

"ეს არ იყო რადიკალური განცხადება, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენი პარტიის მოსაზრება იყო ასეთი, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილება პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ჩვენ თუ ვიმსჯელებთ ამ მიმართულებით შევარჩევთ ალბათ სხვა კანდიდატს.

მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური მიმართულებით გამოცდილება კანდიდატის. დღეს მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონიმიკური ვითარება. შესაბამისად, სავარაუდოდ, მომავალი ხელისუფლებაც რომელიც იქნება, სწორედ ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკაზე და ამ მხრივ გამოცდილი ადამიანები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მომავალი პრემიერი სასურველი იქნებოდა მათი გუნდიდან ყოფილიყო.

"ჩვენი "ევროპული საქართველოს" პრემიერობის კანდიდატს როცა წარვადგენთ, მაშინ შეგვეძლება ამაზე საუბარი. სხვა გაერთიანებების შიგნით მიმდიანარე ამ ტიპის დისკუსიაზე ბუნებრივია არანაირ კომენტარს არ გავაკეთებთ.

ის უნდა იყოს ძლიერი გუნდის ლიდერი და უნდა ჰქონდეს ხედვა ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან როგორ გამოიყვანს ქვეყანას. ახლა, რომ დაგიხასიათოთ როგორი უნდა იყოს, "ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს," - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 

დღის ამბები