18 ნოემბერი 2024,   04:15
ვრცლად
საარჩევნო სიაზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სიაში იქნებიან მედიკოსები, ექსპერტები, ეკონომისტები, რომლებიც გუნდში მრავლად არიან - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი "დღის კურიერის" ეთერში გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში საარჩევნო სიაზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სიაში სხვადასხვა წრის ადამიანები იქნებიან, როგორც მედიკოსები, ასევე ექსპერტები, ეკონომისტები და სხვები.

რაც შეეხება არჩევნების ჩატარების ფორმატს, გია ვოლსკის განცხადებით, ყველანაირი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, თუმცა აქაც იქნება გარკვეული რეგულაციები შემოტანილი, როგორიც არის დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ა.შ.

"გადაწყვეტილებები არ არსებობს და კონსულტაციების რეჟიმი რომ ახსენეთ, ხმამაღლა ნათქვამია. რაღაც უცნაური პროცესი გაიმართა ამასთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს საქართველოში, რეგიონში, მსოფლიოში. არაადეკვატური რეაგირებებია ოპონენტების მხრიდან. ყველა გამოდის და ერთი და იგივეს ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დავამარცხოთ, გადავაგდოთ, მოვსპოთ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ რაღაცა ზღვა ბრალდებები. ამ დროს სიტუაცია გაცილებით უფრო სერიოზულია, ჩვენს ქვეყანაშიც და გარშემოც.

საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება, გუნდის წევრი უნდა იყოს რა საკვირველია იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ძლიერი შეკრული გუნდის წარმოდგენა სახელმწიფოს აი ამ არჩევნების პერიოდში საზოგადოების წინაშე არის საგანგებო მნიშვნელობის. ასე რომ, ჩვენც ფრთხილები ვიქნებით და საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ ამ ყველაფერს.

ყველანაირი წრე, რა საკვირველია, ექიმებიც, მეცნიერებიც, ექსპერტების, ეკონომისტებიც და საერთაშორისო ექსპერტებიც საკმაოდ არიან ჩვენს გუნდში. განახლებაზე თუა ლაპარაკი, აქაც ახალი არაფერი არ არის. როგორ შეიძლება ერთი და იგივე გუნდი იყოს მუდმივად, რა საკვირველია ახალი სახეებიც იქნება. არ ვიცი გვარები კონკრეტულად იმდენი, რომ დაგისახელოთ. ახლა არასწორი იქნება. წინასწარ არაფრის განცხადება არ იქნება- შევთანხმდით.

ოქტომბრისთვის ჯერ არ ვიცით როგორი იქნება პროგნოზი, სრული პროგნოზი არ შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, იქნება ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გამოვიდეს, ხმა მისცეს. რაღაც პირობები იქნება, როგორც ტრანსპორტში მგზავრობის პირობებია, ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ურთიერთობების პირობებია ჩამოყალიბებული, ასეთივე რეგლამენტი იქნება საგანგებოდ საარჩევნო პროცესისათვის," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, სოციალური პაკეტები და დახმარებები რა საკვირველია გაგრძელდება, თუმცა მისი თქმით, რესურსები ულევი არ არის, თუმცა ფინანსების მობილიზებითა და საერთაშორისო დახმარებებით მოხდება მოქალაქეებისთვის დახმარებების გაგრძელება, რაც გარკვეულ თვეებზეა გადანაწილებული.

"რა საკვირველია ეს ყველაფერი სოციალური დახმარებების, ფინანსების მობილიზება, სამწუხაროა ფაქტია, ჩვენ ანტიკრიზისულ გეგმას ვიხილავთ და არა პოსტკრიზისულს. ანტიკრიზისული გეგმაა ეს, რომელიც წარმოდგენილია და ათასჯერ მითქვამს, გავიმეორებ, რომ ეს არ არის კარგი ცხოვრებისგან გამოწვეული. ეს გათვლილი გვაქვს ჩვენ გარკვეულ თვეებზე. შემცირდება რა საკვირველია, მაგრამ ეკონომიკაც შემცირდება, რესურსი ულევი არ არის. საერთაშორისო დახმარებასაც ველოდებით, საკმაოდ სოლიდური თანხაა, ჩვენც აქ მობილიზაციას ვაკეთებთ, ასე რომ ოქტომბრისთვის ჯობია მოვუსმინოთ რას გვეუბნებიან ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები.

ღმერთმა არ გახადოს საჭირო, მაგრამ თუ საჭირო გახდა მსოფლიო შეიცვლება, თუზე და მკითხაობაზე ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ ვართ მზად არჩევნების ჩასატარებლად ისე, რომ რისკები გამოირიცხოს გადადების და პანდემიის გავრცელების. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. ეს მზადყოფნა არ გამოიხატება ემოციებში და რაღაც კუნთების თამაშში, ბრტყელ განცხადებებში, აქ მიდის მუშაობა და ყველა დარგია ამაში ჩართული," - აცხადებს ვოლსკი.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, გია ვოლსკის თქმით, ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია ქვეყანაში მოსაგვარებელი. მისი თქმით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის უდანაშაულობაზე არავინ საუბრობს, მეტიც, ის ამბობს, რომ მათ თვითონვე არ უსაუბრიათ თავის უდანაშაულობაზე. მისივე თქმით, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

"დღის პირველი საკითხი იყო ეს საარჩევნო სისტემა, რამდენჯერ იყო ამ პოლიტიკოსების ჯახები სიტყვიერი, განხილვები, ახლა ამას ყველაფერს შეჯამება სჭირდება და მე არ მეჩვენება, რომ დაგვიანებულია. საზოგადოება მზად არის ამისთვის. თქვენ ქუჩაში ვერავის ვერ ნახავთ, რომ მზად არ იყონ თუნდაც პასუხი გაგცენ რა ხდება, რა სისტემებია, რა საარჩევნო თემებია, მემგონი ამ მხრივ საკმაოდ კარგად იმუშავა მედიამაც.

რომ გადავხედოთ რეალურ სიტუაციას, არავის არ უთქვამს, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არიან უდანაშაულოები. თვითონ არ უთქვამთ, ოქრუაშვილს განსაკუთრებით, პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა ღია ეთერში, მაგრამ რეალურად არც სასამართლოს გაუმართლებია და მითუმეტეს ჩვენ. მაგათ რა უნდათ იცით? აი მოვითხოვეთ და გამოუშვეს და აღიარეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს. ადამიანის სიცოცხლის წართმევა და წამება მათ დროს იყო თუ იყო, ქუჩაში გინდა და გინდაც საპყრობილეში. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და იქ რაღაც გვარებს რომ ასახელებენ. ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი, თორემ თვითონაც კარგად იციან, რომ სამართლებრივად სწორები არ არიან," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები