დეპუტატი გია ჟორჟოლიანის ინიციატივა, რომელიც წინასაარჩევნოდ ფასიანი რეკლამის აკრძალვას უკავშირდება, პოლიტიკური განხილვის თემაა. ჟორჟოლიანმა საკანონდებლო პროექტი უკვე წარმოადგინა. მისი თქმით, ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად ისარგებლებს უფასო სარეკლამო დროით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, ყოველდღიურად, 5 საათს გამოყოფს, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის.
ჟორჟოლიანის ინიციატივას ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია. ინიციატივის რეალობად ქცევა ეეჭვება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანსაც.
ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ ეს ინიციატივა ვერ განხორციელდება, რადგან მისი თქმით, გია ჟორჟოლიანისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საარჩევნო საკითხების სამუშაო ჯგუფში შედიან:
"პარტიებს ჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია, მათ მიაჩნიათ, რომ კომერციული რეკლამის გაშვების საშუალება მათ ტელევიზიებში უნდა ჰქონდეთ, აქედან გამომდინარე, მე ძალიან მეეჭვება, რომ რაიმე მსვლელობა მიეცეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ამ და სხვა საკითხებს, მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციებსაც შესაბამისი კომისია განიხილავს და მისი მხრიდან არასერიოზული იქნება მხარდაჭერაზე ან წინააღდმეგობაზე საუბარი:
"არასერიოზული იქნება, რომ ან მხარდაჭერაზე ან წინააღმდეგობაზე ვისაუბროთ, არის კომისია და ეს კომისია იხილავს საკითხებს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.