გაერთიანებულ ოპოზიციაში არ მალავენ, რომ მათ ერთობას ბზარი გაუჩნდა. უკმაყოფილება მოჰყვა თაკო ჩარკვიანის საჯაროდ გაცხადებულ ინიციატივას, რომ გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი ყოფილიყო. ამ იდეას კოალიციის არც ერთი წევრი არ იზიარებს. უფრო მეტიც, პარტიებმა თქვეს, რომ ვაშაძის კანდიდატურაზე არც წარსულში უმსჯელიათ და არც მომავალში განიხილება.
კანდიდატურა ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, სავარაუდოდ, ვაშაძესაც აქვს ამბიცია იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. შესაძლოა, სწორედ ამას მოწმობდეს მისი პრესსამსახურის მიერ მედიასაშუალებების რედაქციებში დაგზავნილი წერილი. საინფორმაციო სააგენტოებს პრესსამსახურმა თაკო ჩარკვიანის იმ ფრაზის გავრცელება სთხოვა, სადაც პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძეს მომავალ პრემიერად განიხლავდა.
თემა, რომელიც საჯარო გახდა, კოალიციის წევრების თქმით, დახურულ რეჟიმში არც განხილულა და ამ საკითხზე რომც ემსჯელათ, გიორგი ვაშაძე პარტნიორებისგან მაინც უარს მიიღებდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათი ხელისუფლების დროინდელ მაღალჩინოსანს მომავალი პრემიერ-მინისტრობისთვის აუცილებელი, ეკონომიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია.
პარტნიორების ასეთ შეფასებებს მოულოდნელს უწოდებს საკუთარ იდეასთან მარტოდ დარჩენილი თაკო ჩარკვიანი, რომელიც ამბობს, რომ კოალიციის წევრების მხრიდან იმპერატიულ ტონალობაში ლაპარაკი არ მოსწონს.
თაკო ჩარკვიანის მიერ მოწონებული გიორგი ვაშაძე მხარდაჭერას არც კოალიციის გარეთ დარჩენილ პოლიტიკოსებში იწვევს. შეთავაზებაზე უარს ამბობს "ევროპული საქართველოც."
დღეის მდგომარეობით, ყველა პოლიტიკური პარტია პრემიერ-მინისტრობის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარმოადგენს. კოალიცია "ძალა ერთობაშია" კი საერთო კანდიდატზე მსჯელობას დაახლოებით 2 თვეში გეგმავს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ეს პრიორიტეტული საკითხი არ არის და საჩქარო არაფერია.
ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როგორ გადანაწილდებიან ოპოზიცის კანდიდატები 30 მაჟორიტარის ადგილზე.