თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცებზე ზრუნვა ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. და განაცხადა, რომ სამხედრო ბაზების პრობლემურ მდგომარეობაა, რის მაგალითადაც კოჯრის ბაზა მოიყვანა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მას არ სურს წინამორბედებზე საუბარი, თუმცა მიაჩნია, რომ ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა:
"ჩემი მთავარი საზრუნავი არის, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინო რეალური ქმედებით და არა მხოლოდ ლამაზი სიტყვებით. პირველი რაც მე დავისახე არის სოციალური მიმართულება, ხელფასების მატება, კარგი სადაზღვევო პაკეტი. ასევე მაინტერესებდა მენახა საშუალო დონის ბაზა და წავედით კოჯორში, ის რაც ვნახე იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მე დავრჩი შოკირებული. მე არ მინდა წინამორბედებზე საუბარი, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი. ყველაფერი რაც დავიწყეთ, ეფუძნება ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას. მე ვუთხარი ჩემ გუნდს, რომ ჯარისთვის ვაკეთებთ საუკეთესოს.250 ობიექტის სრული გადაიარაღება ხდება. ყველა ყაზარმა წლის ბოლომდე იქნება დასრულებული,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, მისი თქმით, ჯარისკაცები ძალიან მოძველებული სპეცტექნიკით გადაადგილდებიან და იგეგმება ამ ტექნიკის ნატოს სტანდარტის ტექნიკით ჩანაცვლება.
კითხვაზე, იყო თუ არა ცნობილი მისთვის ჯარში არსებული პრობლემები პრემიერობის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრად დანიშვნის დროს პარლამენტში გამოსვლისას სინანულით აღნიშნა, რომ მან სათანადო დრო ვერ დაუთმო ჯარს, პრემიერობის დროს:
"ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ჯარში მწვავედ იდგა ინფრასტრუქტურის გაუმართაობის პრობლემა, ფორმების, ბათინკების. ჩემთვის არის სირცხვილი ამაზე საუბარი, მე ვთქვი რომ ეს თემები უნდა დავასრულოთ.
მე ეს ღიად აღვნიშნე პარლამენტში და სინანულით აღვნიშნე, რომ სათანადო დრო და ყურადღება ვერ დავუთმე ჯარს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.