საპარლამენტო არჩევნებზე იქნება თუ არა ჯარი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა თავდაცვის მინისტრს "ღამის კურიერში" მოუწია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, არც მმართველი გუნდის და არც სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
"პირველი სიტყვები რაც მე განვუცხადე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას იყო შემდეგი, რომ მე მოვდივარ აბსოლუტურად გულწრფელად, პოლიტიკური ინტერესების გარეშე, მე არ შემომაქვს პოლიტიკური ინტერესები ჯარში, მაგრამ მეორეს მხრივ, მე არ დავუშვებ და შეუწყნარებელი ვიქნები სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარების. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ მოვახდინეთ პოლიციის, ჯარის და უშიშროების სამსახურების დეპოლიტიზირება, ჯარის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და საამაყო ინსტიტუციის პოლიტიზირებას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, ასეთი დავალება და პოლიტიკური ნებაა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ჯარის 99,99% აპოლიტიკურია და მათთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მთავარია, ვინ იზრუნებს ქვეყანაზე და ჯარზე.
"ჯარი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან, ჯარის პოლიტიზირების ფაქტები არც ყოფილა.