ეკატერინე ტიკარაძე, რომელსაც დღეს პარლამენტში ელოდებოდნენ, საკანონმდებლო ორგანოში არ მივა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებს ერთი დღით ადრე შეატყობინა და ივნისის ბოლომდე თარიღის გადადება მოითხოვა.
ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე ძირითადად COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად დაიბარეს. შეკითხვები უნდა ყოფილიყო 520-ე დადგენილებასა და სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებაც.
დეპუტატები კანონის დარღვევაზე საუბრობენ და მინისტრის უარს კითხვებზე პასუხების თავის არიდების მცდელობად აფასებენ.
"ქალბატონი მინისტრის მოწერილი წერილი ვერანაირად ვერ შეცვლის კანონს, არაფერში წერია მისი ეს წერილის მოწერა. რეგლამენტის შესახებ კანონის თანახმად, კვლავ ძალაშია ეკატერინე ტიკარაძის დაბარება კომიტეტში, თუ ის არ აპირებს მოსვლას, ეს ნიშნავს, რომ განზრახული აქვს კანონი დაარღვიოს, ეს მისი პრობლემაა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისია, ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში მიუსვლელობას უპასუხისმგებლობას უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში".
უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ მინისტრის მოუსვლელობის კონკრეტული მიზეზი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეცოდინება, რადგან სწორედ კომიტეტის თავმჯდომარე და მინისტრი წყვეტენ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხს.