პარლამენტის ვიცესპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ამ ეტაპზე 55%-ია.
"ჩვენი რეიტინგი არის მინიმუმ 55%. ყველაზე დიდი შეცდომა რა იქნება იცით, თუ ვინმე თვლის, რომ ნაცმოძრაობასთან სხვადასხვა პარტიების გაერთიანებით პროცენტები დაემატება ერთმანეთს, ეს არასწორია. ბუნებრივია, საზოგადოებამ კარგად იცის, რომელი პარტია რა სტილით გამოირჩევა, მათ შორის წარსულიდან და დღევანდელობიდან გამომდინარე. მექანიკურად ეს პროცენტები ერთმანეთს არ დაემატება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" იმაზე მეტადაა დარწმუნებული გამარჯვებაში, ვიდრე წინა წლებში იყო.
გარდა ამისა, მამუკა მდინარაძის შეფასებით, მმართველი გუნდის ძლიერი მხარე კრიზისების მართვა აღმოჩნდა.
"ერთ-ერთი მთავარი ღერძი წარმატებისა, რაც ჯერჯერობით გვაქვს არის ხელისუფლების სწორი მენეჯმენტი. ერთგან რომ არასწორი ნაბიჯი გადადგმულიყო, მთელი ჯაჭვი წყალში ჩაიყრებოდა. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც უზურნველყოფს სწორ მენეჯმენტს. კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლების ძლიერი მხარე.
გვქონდა 40%-ზე ცოტა მეტი და 50-ზე ცოტა ნაკლები მონაცემები და გაიზარდა დაახლოებით 10%-ით. ეს უზრუნველყო იმან, რომ მოქალაქემ იგრძნო, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი. რომელიც კი არ ძალადობს ადამიანებზე, არამედ ჰყავს მზრუნველი ხელისუფალი.
ოპოზიცია შეეცდება, ის პრობლემები, რაც წარმოშვა კორონავირუსმა, მიაწერონ ხელისუფლებას. სიღარიბის მხრივ ახლა მდგომარეობა ცუდად გვაქვს, ამას უნდა შევეგუოთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ტვირთი მაქსიმალურად შევამსუბუქოთ.
ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას არ სჭირდება იმ 9 წლის გახსენება. ოპოზიციის წინააღმდეგ თუკი რაიმე უნდა თქვა, დღეს რას აკეთებენ, ის უკვე საკმარისია. დღეს როგორი დაბნეულები და არაეფექტიანები არიან," - აღნიშნა მდინარაძემ.
კითხვაზე, როგორი იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სია, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუნდში იქნება როგორც ახალი, ასევე ძველი სახეები.
მისივე თქმით, გუნდის მთლიანი გადახალისება არ მოხდება.
"მხოლოდ აქცენტირება ახალ სახეზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება. იქნებიან გამოცდილი კადრებიც, მათ შორის ჩვენი გუნდიდან და ასევე იქნებიან გუნდის ძველი წევრებიც. სინთეზში იქნება წარმოდგენილი სია, რომელიც ძირითადად იქნება ორიენტირებული გამოცდილებაზე და ერუდიციაზე. ამას კი სჭირდება ჟინი იმისა, რომ ქვეყანას რამე კარგი გაუკეთო. ბუნებრივია იდეალური ხელისუფლება არ არსებობს. არც ჩვენ გვაქვს იმაზე პრეტენზია რომ იდეალურები ვართ. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატების ფორმულა იქნება იმაში, რომ დღეს ოპოზიციაში არ არის მსგავსი ძალაც კი, რომელიც გულწრფელად ზრუნავს მოქალაქეებზე. შეიძლება მზრუნველი და კარგი ადამიანი იყო ან პოლიტიკური ძალა, მაგრამ თან უნდა შეგეძლოს მენეჯმენტიც.
კორონავირუსი იყო გამოცდა ერთგვარი, რამდენად შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში მართოს და სწორი მენეჯმენტი განახორციელოს ხელისუფლებამ. ეს გამოცდა ჩააბარა ამ პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ," - აღნიშნა მდინარაძემ.
გარდა ამისა, კითხვაზე, ხომ არ იქნება ის თერჯოლის მაჟოროტარობის კანდიდატი, მდინარაძე თერჯოლის მაჟორიტარობას გამორიცხავს.
"კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას. მიზეზი მაქვს კონკრეტული ამის. თერჯოლა ცალკე ოლქი არ იქნება, იქ 4 რაიონია. მე მიმაჩნია, რომ როდესაც მაღალი საპარლამენტო თანამდებობა აქვს ადამიანს და ძალიან დატვირთულია როგორც პარლამენტში, ასევე პარტიაში, ცოტა მას უჭირს სამაჟორიტარო ოლქთან წარმატებით კომუნიკაცია. მე მაგალითად, ძალიან მიჭირს ჩემს ოლქში, საბურთალოს ერთი დიდი ნაწილის მაჟორიტარი ვარ და ძალიან ხშირად მაქვს სიტუაცია, როცა რაღაც სკვერი იხსნება და გზის რეაბილიტაცია და ამის პრეზენტაციაა, იქაც კი ვერ მივსულვარ და სხვადასხვა შეხვედრის, თათბირისა და ღონისძიების გამო და ძალიან ვნერვიულობ ხოლმე მერე ამ საკითხზე, რთულია," - აღნიშნა მდინარაძემ.