18 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების მაჩვენებელი 5-ჯერ შემცირდა

2012 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, სტრასბურგში, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების მაჩვენებელი 5-ჯერ არის შემცირებული - სტატისტიკა ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ სარჩელების რაოდენობა იმ რეფორმებმა შეამცირა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში, სასამართლოსა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარდა. აღსანიშნავია, რომ მოსმენას ოპოზიცია არ ესწრებოდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ 2012 წლამდე, სტრასბურგში 5 000-ზე მეტი საქმე იყო შეტანილი. ციფრებში კი ეს მაჩვენებელი 8-ჯერ შემცირდა და 2013 წლის შემდეგ 732 საქმეა. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ საქართველოში, ამჟამად, ადამიანის უფლებების სტანდარტი მაღალ დონეზეა.

"რუსთავი 2-ის" საქმემ, სტრასბურგის ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ, პირდაპირ აჩვენა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი არის გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე ამის წარმოჩენას ჩვენი ოპონენტები ცდილობენ," - აცხადებს სოფო კილაძე.

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე, ადა მარშანია კი ამბობს, რომ ეს სტატისტიკა საკმარისი არ არის და მისივე აზრით, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, "ქართული ოცნება" ძალიან მოიკოჭლებს.

"ის, რომ აქ დიდი ზარ-ზეიმით მოაქვთ სტატისტიკა, ნამდვილად არ არის ეს საკმარისი. სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ჩვენი პოზიციით, "ქართული ოცნება" ძალიან მოიკოჭლებს. ეს, პირველ რიგში, დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის შედეგია,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე, ადა მარშანია.

დღის ამბები