18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ჩვენ ერთგული ვრჩებით ოპოზიციური ერთობისა - ანზორ ბიწაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა შიდა პარტიულ კონსულტაციებშიც არ განიხილება, თუმცა ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ანზორ ბიწაძის თქმით, შიდაპარტიული განხილვის დასრულებამდე კოლეგა ოპოზიციური პარტიებისთვის რაიმეს შეტყობინებას არ აპირებენ.

"ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ ოპოზიციური ერთობისა, რომელიც შედგა. ჩვენ ამ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას და მიმდინარეობს მოლაპარაკება მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. შერჩევის კრიტერიუმი იქნება კონკრეტული კანდიდატების მიხედვით, თუ ვის სად მეტი შანსი ექნება.

რამდენიმე კანდიდატს ვიხილავთ ახლა, მაგრამ ეს ჯერჯერობით შიდა პარტიული განხილვაა. სანამ ეს განხილვა არ მორჩება, ჩვენ, კოლეგა ოპოზიციონერებს ამასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ, რაიმე შევატყობინოთ. ჩემი კანდიდატურა არც შიდა პარტიულ კონსულტაციებში არ განიხილება," - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდეს, რომ ბიულეტენში ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი.

მაგალითად, "ლელომ" გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებლად იბრძოლოს, რაც ნიშნავს, რომ "ლელო" 30-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს დააყენებს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეს ოპოზიციონერ კოლეგებთან მოლაპარაკებებსა და არგუმენტების გაზიარებებს არ გამორიცხავს.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი და პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას მიუღებლად მიიჩნევს, ვინაიდან, მისი თქმით, ყველა კანდიდატი პოლიტიკური ხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება.

"თუ 30 ოლქი იქნა, რა თქმა უნდა, ყველგან გვეყოლება კანდიდატი და მე თვითონ ისნის რაიონში, გააჩნია ერთი მანდატი თუ იქნება, თუ არა მაშინ მთლიანად ისნის რაიონში ვიქნები. თუ ძველი სისტემით ჩატარდება, სადაც ვარ, იქ ვიქნები და დანარჩენი ტერიტორიებზეც საკმაოდ ღირსეული კანდიდატები გვეყოლება," - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დღის ამბები