18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ფიზიკური დისტანცირება, პირბადე და თერმოსკრინინგი - 2020 წლის არჩევნები შესაძლოა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდეს

ფიზიკური დისტანცირება, პირბადის გამოყენება და თერმოსკრინინგი, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნების მთავარი ატრიბუტი გახდეს. ამ საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა.

სანამ დეტალები დაზუსტდება, პოლიტიკოსები მხოლოდ ვერსიებზე საუბრობენ. ამომრჩევლებთან შესახვედრად უკვე ემზადებიან, თუმცა, ჯერ არ იციან კორონავირუსი მათსა და ამომრჩევლებს შორის მანძილს როგორ განსაზღვრავს.

იმისთვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ, რთული გზის გავლა მოუწევთ. საარჩევნო მარათონში ჩაბმულები ამომრჩევლების ხმებისთვის ბრძოლას წესების გარეშე არ აპირებენ, თუმცა რეგულაციებში, რომელზეც ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო, პოლიტიკურ ხრიკებს უკვე ხედავენ.

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" მოსახლეობისთვის ხმის მიწვდენას და საკუთარი სააერჩევნო ხედვის გაცნობას ნებისმიერი ფორმით, ოღონდ უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით გეგმავს. პარტიაში ფიქრობენ, რომ კონკრეტულ რეგულაციებსა და შეზღუდვებზე საუბარი ამ დროისთვის ნაადრევია, თუმცა მათთვის დროულია ფიქრი იმაზე, რომ მმართველ ძალას მცდელობა ექნება ოპონენტების წინასაარჩევნო კამპანია შეზღუდოს.

კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობენ ის პოლიტიკური ძალებიც, რომლებსაც მხარდამჭერების ხმების გასახმოვანებლად საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა კვლავ სურთ. ამბობენ, რომ სრულფასოვანი კამპანიის ჩატარებაში ხელი შეეშლებათ.

ოპონენტების წუხილებს ნაადრევს უწოდებს მმართველი გუნდი, უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე არ ასახავენ. "ქართული ოცნების" ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მასშტაბური რეგიონული შეხვედრები თავად აღარ ჩაატარონ და საკუთარ ამომრჩევლებს პარტიული პროგრამა ვიწრო ფორმატში გააცნონ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ხალხმრავალ შეხვედრებთან დაკავშირებით შესაძლოა კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდეს.

რა ფორმით მოუწევს საარჩევნო ყუთთან მისულ ამომრჩეველს სასურველი პარტიის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება, - ამ საკითხზე ცენტრალური საარჩევნო კომისიაშიც მუშაობენ. ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისიწნებით მიიღებენ. გეგმავენ, რომ საარჩევნო უბნები სანიტაიზერებით აღჭურვონ და პირბადეები მოიმარაგონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და ამომრჩევლებისთვის.

მას შემდეგ, რაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით თამაშის საერთო წესებზე შეთანხმებას მიაღწევენ, ცვლილებები უკვე საარჩევნო კოდექსში აისახება. თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ოქტომბრის თვეში შექმნილი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. პანდემიის გამო მსოფლიოს 67 ქვეყანაში გაზაფხულზე დაგეგმილი არჩევნები გადაიდო.

დღის ამბები