პრემიერ-მინისტრის განცხადებით, COVID-19-თან დაკავშირებით მომზადებული მთავრობის ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.
მისივე თქმით, ანგარიში მთავრობის ვებ-გვერდზე აიტვირთება.
"ჩვენ განვაცხადეთ პარლამენტში ანგარიშის დროს, რომ წერილობით ანგარიშსაც წარვადგენდით COVID-19-თან მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. მოგეხსენებათ, ეს ღონისძიებები დაიწყო იანვრიდან და დასრულდა 22 მაისს.
ჩვენ ზუსტად ამ პერიოდის სრული ანგარიში წერილობით მომზადებული გვაქვს, ეს გაეგზავნება დღეს პარლამენტსაც და აიტვირთება მთავრობის შესაბამის ვებ-გვერდებზე. მივიჩნევთ, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც თავის მოქალაქეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რა მოტივით, რა სქემით, რა სტრუქტურით იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რა იყო ამ გადაწყვეტილებების მოტივაცია და მიზანი.
ეს ყველაფერი არის დეტალურ დონეზე ახსნილი და გაშიფრული ამ ანგარიშში. ასევე, ანგარიშში პირდაპირ მოტანილია ის მიზეზშედეგობრივი კავშირები, რის გამოც მოგვიწია ასეთი მძიმე შეზღუდვების დაწესება მოქალაქეებისთვის და ბევრი სხვა დეტალი. ფაქტობრივად აქ არის თითოეული უწყებისა და მთავრობის სრულად გადადგმული ნაბიჯების ანალიზი, მისი ახსნა და მიზეზშედეგობრივი კავშირი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან," - განაცხადა გიორგი გახარიამ.