პარტია "ლელოს" ოფისი გაძარცვეს. ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თანამშრომლებს ცოტნე დადიანის გამზირზე მდებარე ოფისი დილით ღია დახვდათ, მათი თქმით, ბოქლომის გატეხილი ნაწილები ძირს ეყარა. უცნობმა პირებმა შესასვლელი კარის საკეტი გატეხეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს გამოძიება.
"დილით ჩვეულებრივად მოვედი სამსახურში დაახლოებით 10 საათისთვის და შევამჩნიე, რომ კარის ბოქლომი იყო გატეხილი. უშუალოდ ბოქლომი არ იყო ადგილზე, მაგრამ გატეხილი ბოქლომის ნაწილები ეყარა დაბლა და გამოვიძახე პოლიცია, რომ მოსულიყვნენ და შეემოწმებინათ რა ხდებოდა," - აცხადებს ოფისის თანამშრომელი.
პარტიის წარმომადგენლები მომხდარის სავარაუდო მიზეზად მათ პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. როგორც პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე განმარტავს, ბოლო დღეების განმავლობაში მათ ოფისზე თვალთვალის ფაქტი მრავალჯერ დაფიქსირდა.
"ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან გააქტიურდნენ როგორც ჩანს სუს-ის წარმომადგენლები, რომლებიც განსაკუთრებით ნაძალადევის ოფისს დასდევენ, უთვალთვალებენ, ფოტოებს უღებენ. გუშინ მაგალითად, როდესაც ჩვენი აქტივისტები კიკვიძის სკვერში მოქალაქეებს ხვდებოდნენ, მივიდნენ და უთხრეს, რომ თითქოს აქ არ შეიძლებოდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომ შეხვედროდა მოქალაქეს. სხვათა შორის ბათუმში, კახეთში, მთაწმინდის ოფისში მსგავს ფაქტებს ასევე ჰქონდა ადგილი," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.