როგორ შესრულდა 2018 წელს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები 2019-ში - ამ საკითხზე დღეს პარლამენტში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ისაუბრებენ.
ნინო ლომჯარიას თქმით, ყველაზე მეტი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით გაიცა, თუმცა უწყებამ, მისი თქმით, უმრავლესობა არ შეასრულა.
გარდა ამისა, ომბუდსმენი ამბობს, რომ მთავარმა პროკურატურამ არ ითანამშრომლა სახალხო დამცველის აპარატთან. ნინო ლომჯარია უწყების მხრიდან არაეფექტურად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე საუბრობს ისეთ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიც არის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ასევე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა.
"იუსტიციის სამინისტრომ ფაქტიურად არ ითანამშრომლა ჩვენთან აღნიშნული ანგარიშის მომზადების დროს, არ მოგვაწოდა არც ერთი ინფორმაცია და არც ერთ წერილზე არ გაგვცა პასუხი. ასევე, პროკურატურამ არ ითანამშრომლა ჩვენთან და არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ჩვენ არ ვთვლით იმ რეკომენდაციას შესრულებულად, რომელიც მიემართებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ეფექტურად გამოძიებას. იგივეს ვიტყოდი სარალიძის საქმესთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დავალება პარლამენტის იყო, რომ მოეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია პროკურატურას, შეისწავლა თუ არა იგივე სამოხელიო დანაშაულის ნიშნები," - აცხადებს ნინო ლომჯარია.