18 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ემიგრანტების დოკუმენტებში საბჭოთა კავშირის ან რუსეთის მითითებას, ოპოზიცია დიპლომატიური წარმომადგენლობების არასათანადო მუშაობას უკავშირებს

საფრანგეთსა და იტალიაში ქართველი ემიგრანტების დოკუმენტებში დაბადების ადგილად საბჭოთა კავშირის ან რუსეთის მითითებას ოპოზიცია დიპლომატიური წარმომადგენლობების არასათანადო მუშაობას უკავშირებს.

"ორი პრობლემაა ჩემის აზრით, პირველი პრობლემა არის, რომ ბაზები არ აქვთ გადაცემული და გადახალისებული საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს, ეს საკონსულოების პრეროგატივაა. მეორე პრობლემა ეს არის გულგრილობა და არაკომპეტენტურობა, რომელიც ამ ხელისუფლების ავადმყოფობაა.

ეს შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ძალიან მცირე დეტალია მაგრამ ზოგადად სახელმწიფოებრიობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე,

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ეს მუშაობის შედეგად გამოსწორებადი პრობლემაა და შესაბამისმა უწყებებმა აქტიურად უნდა იმუშაონ:

"რა თქმა უნდა ძალიან უსიამოვნოა, როდესაც მოქალაქე მისთვის გაცემულ დოკუმენტში ხედავს დაბადების ადგილად რუსეთს, საბჭოთა კავშირს, მით უმეტეს, თუ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ასეთი პრობლემის გამოსწორება არის შესაძლებელი და ამას სჭირდება აქტიური მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. შემიძლია მაგალითი გავიხსენო, როდესაც წლების განმავლობაში აშშ-ის მიერ საქართველოზე გაცემულ ვიზებში ეწერა GRZ - როგორც გრუზია და მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმუშავა აშშ-სთან, რომლის ბიუროკრატიული მანქანა ამ საკითხებში გაცილებით უფრო რთული და ძნელად შესაცვლელია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში და დღეს გაცემულ დოკუმენტებში იწერება GEO- ანუ ჯორჯია.ამიტომ ეს არის მუშაობის შედეგად გამოსწორებადი პრობლემა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული სახელმწიფოს მხრიდან დიდი ყურადღება იქნება და პარლამენტიც აქტიურად იქნება ჩართული პრობლემის მოსაგვარებლად.

თბილისი-რუსეთი ან თბილისი-საბჭოთა კავშირი - დაბადების ადგილი ქართველ ემიგრანტებს რამდენიმე ქვეყანაში ასე მიუთითეს. დოკუმენტები "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ პრობლემა მასიურია. ემიგრანტებს ადგილზე, სადაც დოკუმენტები გაიცემა უთხრეს, რომ სისტემა ავტომატურად თბილისთან ერთად რუსეთსა და საბჭოთა კავშირსაც აფიქსირებს და რომ ისინი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ.

დღის ამბები