18 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ფასების ზრდა და ლარის გაუფასურება - რა კითხვებს დაუსვამენ დეპუტატები პარლამენტში მისულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან, რომელსაც პარლამენტში უსმენენ, დეპუტატებს კითხვები, ძირითადად, ფასების ზრდასა და ლარის კურსთან დაკავშირებით აქვთ. 

"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ფასების ზრდასა და ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა მთავრობასთან ერთად ეროვნულ ბანკს ეკისრება. 

"პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნულმა ბანკმა, რადგან ქვეყანაში არის, ფაქტობრივად, უკონტროლო ფასების ზრდა. ლარის კურსი მთელი ამ დროის განმავლობაში უფასურდებოდა და ეროვნულ ბანკს არასდროს მიუღია დროული და ადეკვატური ზომები ვალუტის კურსისა და ფასების სტაბილურობის მიმართულებით. ვერ შეასრულა მან თავისი მიზნობრივი მაჩვენებელი, ინფლაცია 2-ჯერ მეტია,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი გადასახადების დაწევა და იმ რეგულაციების შერბილებაა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს შემოიღო. დეპუტატი ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვის დასმას სწორედ ამ კუთხით აპირებს. 

"უარყოფითი შედეგი, რაც მოყვა, მაგალითად, რეგულაციებს გასულ წელს, რამაც სერიოზულად დაარტყა ჩვენი ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს, თანაბარი პასუხისმგებლობაა, როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის. ამ პირობებში, მთავარი კითხვა რჩება სწორედ ის - ამ პირობებში, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, ფასების ზრდა გავაჩეროთ, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის თუ არა გადასახადების დაწევა და იმ უაზრო რეგულაციების შერბილება, რაც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად შემოიღეს,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს, დავით ჭიჭინაძეს კითხვები კომერციულ ბანკებთან დაკავშირებითაც ექნება. 

"კითხვები მექნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან იმასთან დაკავშირებით, რა განუკითხაობაც დღეს ხდება კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. გადავადება გამოაცხადა ხელისუფლებამ. 15 ივნისიდან უნდა გამოცხადდეს ახალი გადავადება და როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვისაც 200 და 300 ლარიანი დახმარებები ეხება, მათ ყველას შეეხება. სამწუხაროდ, ეს არ ხდება არც კომერციულ ბანკებში და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის კითხვებიც ფასების ზრდასა და ლარის კურსის დარეგულირებას შეეხება. 

"ფასების სტაბილურობა და ლარის კურსი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, ეს არის ის საკითხები, რომელზეც ჩვენ კითხვები გვექნება. რაც შეეხება ლარის კურსს, მინდა გითხრათ, რომ როგორც ადრე ვამბობდი, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული. მიმაჩნია, რომ როგორც დღეს ჩანს, ის არ უნდა უფასურდებოდეს ისე სწრაფად, და არც ასე სწრაფად არ უნდა მყარდებოდეს. საქართველოს ეკონომიკაში ამის წინაპირობები არ არის,"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი საათია პარლამენტის საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ. 

დღის ამბები