"ევროპული საქართველოს" გაერთიანებულ ოპოზიციას მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებისაკენ მოუწოდებს. დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერების მხრიდან კოლეგების მიმართ მწვავე კრიტიკაც გაისმა.
"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ან მათთან დაკავშირებული პირებისგან ისეთი განცხადება გაკეთდა, სადაც იგრძნობოდა, რომ მთავარი საკითხი მათთვის მეორე ტური იყო და არა პირველი ტური. სწორედ ამიტომ, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხისმგებლობა შეახსენა.
"მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, სადაც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ არსებული მიდგომის გადახედვა იყო. საუბარი მეორე ტურებზე და იმაზე ვინმემ, რომ არ მიიღოს მონაწილეობა მაშინ აზრი არ ჰქონდა არაფერს. იმედი გვაქვს, ეს განცხადებები უსარგებლოდ დარჩება და ეს არ იქნება მომზადება შეთანხმების ჩაშლისათვის. თუკი მარცხი მკაფიოა პირველივე ტურში, ივანიშვილის პარტიისთვის რისკები მცირდება. რა ლოგიკაა იმისთვის, რომ გავრისკოთ პირველივე ტურებში, როცა შეგვიძლია პირველ ტურში ვითარება გამოვკვეთოთ. რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, მით მეტი გაქვს პასუხისმგებლობა და ეს, პირველ რიგში, "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება," - აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
ამ ეტაპზე ოპოზიციის მთავარი გეგმაა მოხდეს შეთანხმება თბილისის მასშტაბით 8 ოლქზე, თუმცა გარკვეულ გაუგებრობას უკვე აქვს ადგილი.