საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება. კორონავირუსისა და ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად, პროცესი დისტანციურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება. განხილვაში მონაწილეობის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ, გაგზავნილ კითხვებს შესაბამისი კომისია დეპუტატებს მიაწვდის.
სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს საპარლამენტო ოპოზიცია, მათი მთავარი მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებაა, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. განხილვას დაესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატები.
"ჩემთვის მთავარი აქცენტი იქნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა არჩევნებში, რომ ჩვენ შევძლოთ პოზიტიური შედეგისა და სიახლის შემოტანა პოლიტიკურ სივრცეში და რატომ ირჩევს არაერთი ქვეყანა სავალდებულო არჩევნების ფორმატს რომ უკეთესად ასახულიყო ხალხის ხმა პარლამენტში," - აცხადებს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში.
შეთანხმების სრულად შესრულებას აყენებს პირობად "ევროპული საქართველო". პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ როგორც კი შესრულდება 8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილი, ისინი მზად არიან ცვლილებას მხარი დაუჭირონ:
"ამ წუთის მდგომარეობით გადაწყვეტილება და ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, როგორც კი შესრულდება 8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილი, ვადასტურებ რომ ჩვენი სურვილი და ჩვენი სრული მზადყოფნა არსებობს იმისთვის, რომ შევიდეთ და ხმა მივცეთ ამ შეთანხმების მეორე ნაწილს, ოღონდ შეთანხმება უნდა შესრულდეს მთლიანად წინააღმდეგ შემთხვევაში არც ხმის მიცემა და არც საკონსტიტუციო განხილვების პროცესში მონაწილეობა ჩვენი მხრიდან შესაძლებელი არ იქნება," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ზეწოლის შედეგად მმართველმა გუნდმა უკვე გამოუშვა პოლიტპატიმრების ნაწილი და შეწყვიტა პოლიტიკურად მოტივირებული დევნები და ამ კონტექსტში დარჩენილია მხოლოდ გიორგი რურუა.
"თუ ელემენტარული ჭკუა აქვთ დაანებონ ამ ვირეშმაკობას თავი. გამოუშვეს პოლიტპატიმრები შეწყდა დევნა ხაზარაძეზე, ჯაფარიძეზე, წერეთელზე, აგერ ნიკა გვარამია ყოველდღე სასამართლოში რომ დაჰყავდათ გაჩერებულია პროცესი, ერთი რურუა დარჩა. გამოუშვან და დამთავრდება და დავბრუნდებით პარლამენტშიც და მივიღებთ მონაწილეობას განხილვებშიც,"- აღნიშნა რომან გოცირიძემ.