საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე და ცვლილების მხარდაჭერაზე საპარლამენტო ოპოზიციის უარი მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. "ქართული ოცნება" პოლიტპატიმრების არსებობას კვლავ უარყოფს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას თემა უბრალოდ საბაბია, რეალურად კი ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არ სურს.
"ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიღწეულ შეთანხმებას დავიცავთ და ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, ეს ძალაშია, შესაბამისად ჩვენ ამ ცვლილებებს ბოლომდე მივიყვანთ რაც შეეხება იმ ოპოზიციურ ჯგუფებს რომლებიც ამბობენ რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ თუ დააყენებენ პირობას, ეს პირობა ერთი, რომ არის პირდაპირი წაქეზება დანაშაულისკენ, რეალურად ეს ჯგუფები საბაბად იყენებენ იმას, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ ცვლილებებს და წარმოიდგინეთ, ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებებსა და ვინმე რურუას გათავისუფლებას შორის სვამენ ტოლობის ნიშანს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.