18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ვინარჩუნებთ დიალოგს ოპოზიციონერ კოლეგებთან, შეიძლება ჩვენი კანდიდატების ირგვლივ შევჯერდეთ- ბადრი ჯაფარიძე

შეთანხმდება თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე - ეს საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ცხადია პარტიებმა ამ საკითხზე საერთო ენა ამ დრომდე ვერ გამონახეს.

დღეს, "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა კოლეგებს მოუწოდეს მუშაობა საკითხზე უახლოეს დღეებში განაახლონ. ისმოდა ურთიერთ კრიტიკაც.

ამ ეტაპზე ოპოზიციის მთავარი გეგმაა მოხდეს შეთანხმება თბილისის მასშტაბით 8 ოლქზე, სადაც სავარაუდოდ "ნაციონალურ მოძრაობას" 3, ევროპულ საქართველოს კი, 1 ან ორი მაჟორიტარი ეყოლება.

რაც შეეხება სხვა ოპოზიცურ პარტიებს, "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ისინი სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან დიალოგს ინარჩუნებენ, მაგრამ მათ თავისი სამოქმედო გეგმა გააჩნიათ.

"ლელო საქართველოსთვის" ეს არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც პირველადვე ამბობდა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი სამოქმედო გეგმა, დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე ვგეგმავთ ჩვენს პოლიტიკურ ნაბიჯებს. ამავდროულად კი, ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ დიალოგს ოპოზიციონერ კოლეგებთან. ყველგან ვარჩევთ ჩვენს კანდიდატებს, მაგრამ რაც შეეხება თბილისს, მზად ვართ ჩვენს კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ დისკუსიები იმაზე თუ რა იქნება უფრო ეფექტური გზა იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში დავამარცხოთ. შეიძლება ეს იყოს შეჯერებული კანდიდატი, შეიძლება ჩვენი კანდიდატების ირგვლივ შევჯერდეთ" - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. 

დღის ამბები