18 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა

დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მწვავედ დასვა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების თემა. მან შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გააქტიურების გამო და აღნიშნა, რომ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა გრძელდება ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურებასა და დეზინფორმაციულ თავდასხმებზე საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას და ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება ახალგორის რაიონის მცხოვრებლებისთვის გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვაზე საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს, რაც რიგ შემთხვევებში პაციენტთა გარდაცვალებით მთავრდება. 

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

მხარეები შეთანხმდნენ, რეგულარულ ფორმატში განაგრძონ კონსულტაციებისა და ონლაინ შეხვედრების ჩატარება, რათა მაქსიმალურად შეძლონ ადგილზე მიმდინარე პროვოკაციების აღკვეთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება.

დღის ამბები