მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ. მეუფე გიორგი ამბობს, რომ სუს-ის გამოძიებასთან, რომელიც რასისტული დისკრიმინაციის გამო დაიწყო, კავშირი არ აქვს. წმინდა სინოდის წევრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მას ეთნიკური აზერბაიჯანელების დისკრიმინაციის სურვილი არ ჰქონდა და მისი განცხადების შინაარსი პოლიტიკურად მოტივირებულმა ჯგუფებმა ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენეს. გამოძიების პარალელურად, მეუფე ახალი ინიციატივით გამოდის.
მარნეულის მერიაში უკვე ორი კვირა მაღალჩინოსნები "კურიერის" კითხვებს დუმილით პასუხობენ. მეუფისგან განსხვავებით, გამომძიებლებმა სუს-ის შენობაში ზაურ დარგალსა და მის მოადგილეს ზაურ ტაბატაძეს უკვე მოუსმინეს. ორივე მათგანმა ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერეს. მედიასთან ქალაქის მერი არც დღეს გამოჩენილა, მის ნაცვლად კითხვებზე პასუხის გასაცემად "კურიერის" კამერასთან პრეს სამსახურის წარმომადგენელი გამოვიდა, მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე კი ამტკიცებს, რომ ის სუს-ში მეგობართან იმყოფებოდა.
მერისა და მისი მოადგილის გარდა სუს-ის გამომძიებლების კითხვებს პასუხობდნენ ჟურნალისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი აქტივისტები. ყველა პირი მოწმის სტატუსით გამოიკითხა. გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო პირები დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა მეუფის ახალ ინიციატივაში საფრთხეს ხედავენ და მიიჩნევენ, რომ სინოდის წევრი ვითარებას ამწვავებს. მესამე სექტორისთვის კი გამოძიების დეტალები კვლავ ბუნდოვანია.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი და თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მეუფის მხრიდან გაკეთებული განცხადება ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მირთაგი ასადფოვი ამბობს, რომ ეპისკოპოსმა გამოძიების მიმდინარეობის დროს, ახალი ინიციატივებისგან თავი უდნა შეიკავოს. შეიხი მიიჩნევს, რომ მეუფე გიორგის განცხადება მისი დაწყებული თამაშის მეორე რაუნდია.