"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიას გლდანსა და სამგორში დღეიდან იწყებს. ეს ის ორი ოლქია, სადაც პარტია საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. დანარჩენ ოლქებს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები გაინაწილებენ. ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა.
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის.
"ნაციონალური მოძრაობა", როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 მაჟორიტარულ ოლქს და გზას უხსნის ყველა მომცრო ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ამ ოლქში ყველა ძლიერი კანდიდატით და ყველა სხვადასხვაგვარი ოპოზიციური განწყობის მატარებელი ამომრჩეველი იყოს დაკმაყოფილებული და მათ მიეცეს საშუალება, არჩევანის შესაძლებლობა დედაქალაქში. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის პარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ხვალიდან საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ ორ რაიონში, ეს არის სამგორი და გლდანი.
რეგიონებში ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური საარჩევნო კამპანია და ამით დავხუროთ უსაგნო პოლემიკა ოპოზიციურ პარტიებს შორის," - განაცხადა ნიკა მელიამ გუშინ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე.