18 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს ოპოზიცია უფლებების გაუარესებად, უმრავლესობა კი პარტიების განვითარების შესაძლებლობად აფასებს

პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტს დღეს ჯერ იურიდიული შემდეგ კი საპროცედურო კომიტეტები განიხილავს. ოპოზიციაც არასამთავრობო სექტორის ნაწილის მსგავსად ფიქრობს, რომ აღნიშნული სიახლეებით, ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება.

"ნამდვილად გასაკვირია, რომ ამ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქართული ოცნება იცლის და შემდგომ პარლამენტს უდგენს მნიშვნელოვნად განსხვავებულ წესებს სადაც ოპოზიციური ფრაქციების უფლებები მნიშვნელოვნად არის შემცირებული," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არანაირი უფლებრივი გაუარესება არაა და პირიქით ცვლილებები პარტიულ განვითარებას შეუწყობს ხელს:

"არანაირი გაუარესება არ არის აქ შემოთავაზებული პირიქით არის გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც პარტიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ხომ ყველა საუბრობდა იმაზე, რომ არა ცალკეული დეპუტატების, არამედ პარტიები უნდა იყვნენ ძლიერები დას პარტია უნდა გამოხატავდეს საზოგადოების მხარდაჭერას . შემოთავაზებული ცვლილებების სულისკვეთებაც ამისკენაა მიმართული," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში 1 ივნისს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარადგინეს.  პროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი   სიახლე, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან;

პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ;

საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტით გათვალისწინებული  სიახლეებით, ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად  უარესდება.

დღის ამბები