18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ჩემს ქიზიყს - ლევან ბეჟაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად შესაძლოა კახეთში დასახელდეს

"სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ჩემს კახეთს, ქიზიყს"- ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა "დღის კურიერის" კითხვას, სად შეიძლება იყაროს კენჭი მაჟორიტარ კანდიდატად. ამასთან, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ამის თაობაზე ჯერ მიღებული არ არის. 

"ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილი არ არის. მე სიამოვნებით დავუბრუნდებოდი კახეთს, ჩემს ქიზიყს, თუმცა, ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 30 მაჟორიტარულ ოლქზე კანდიდატების წარსადგენად შეთანხმების მიღწევას აპირებს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა გია ბარამიძის განცხადებას გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით. ბარამიძის თქმით, გიორგი ვაშაძის მიმართ ნდობა აღარ არსებობს.

ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია გყავდეს მეგობარი, თუმცა კონკრეტული პოსტის დაკავების უფლების მინიჭებას არ ენდობოდე.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე რჩება პოლიტიკური გუნდის აქტიურ წევრად და სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმიანობას ერთობლივად გააგრძელებენ.

"რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად. მე ვფიქრობ, ის გამორჩეული ახალგაზრდა პოლიტიკური ფიგურა არის, თუმცა შეიძლება თქვენ მაგალითად გყავდეთ მეგობარი, მაგრამ იმ მეგობარს არ ენდობოდეთ ამა თუ იმ პოსტის დაკავებაზე თქვენი ხელმძღვანელობის უფლების მინიჭებას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გიორგი ვაშაძე ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრი არის. ჩვენ ერთობლივად ვკონცენტრირდებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ეს არის პორტფელებზე გადანაწილება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტიის პოლიტიკური გზავნილი გიორგი ვაშაძემ გაიგო და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ საქმიანობას სხვა ასპარეზზე," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები