"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, რომ ისინი თბილისში მხოლოდ 2 ოლქში წარადგენენ მაჟორიტარობის კანდიდატებს, აბსოლუტურად ნორმალური, კონსტრუქციული წინადადებაა ყველასთვის, ვინც ამ კონსულტაციებში მონაწილეობდა. ამის შესახებ გიგი უგულავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
გიგი უგულავამ თავი შეიკავა იმის დასახელებისგან თუ სად ეყოლება "ევროპულ საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები. მისი თქმით, პრინციპია ის, რომ პარტიის ლიდერები თბილისში იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა თავად "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი თბილისის რომელიმე ოლქის მაჟორიტარობას არ აპირებს:
"ციფრებისგან თავს შევიკავებ, შემიძლია პრინციპები ვთქვა, თბილისში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პოლიტიკური ლიდერები, მე თბილისის მაჟორიტარი არ ვიქნები, სადაც ვიქნები, ეს ცნობილი გახდება, პრინციპია, რომ მაქსიმალურად მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები და ლიდერები," - აღნიშნა გიგი უგულავამ. მისი თქმით, ოპოზიციამ გადაწყვეტილებები ერთმანეთთან შეთანხმებით და კონსულტაციების შედეგად უნდა მიიღოს.
კითხვაზე, შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია 30-ვე ოლქში საერთო კანდიდატებზე თუ თბილისის ოლქებზე შეთანხმებით პროგრამა მინიმუმი შესრულებულად ჩაითვლება, გიგი უგულავას განცხადებით, მთელ რიგ ოლქებში ოპოზიციას ტაქტიკურად არ აწყობს, რომ ერთი კანდიდატი ჰყავდეს.