"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა " დღის კურიერში" ენმ-ს გადაწყვეტილების შესახებ განმარტება გააკეთა. ბეჟაშვილის თქმით, პარტიის იმ გადაწყვეტილებით, რომელის მიხედვითაც ენმ თბილისის მასშტაბით 8-დან მხოლოდ 2 საარჩევნო ოლქში წარადგენს თავის მაჟორიტარულ კანდიდატებს, ამ დათმობით "ნაციონალური მოძრაობა" სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის კარს ხსნის, რათა მათ შეთანხმებას მიაღწიონ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო მკვეთრი გადაწყვეტილება გუშინ და ყველა კითხვის ნიშანს და ყველა ორჭოფობას დაუსვა წერტილი, მივიღეთ ის განცხადება, რომელიც გაცხადდა თბილისის საარჩევნო ოლქებში, მხოლოდ და მხოლოდ 2 საარჩევნო ოლქში წარადგენს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავის კანდიდატებს და გახსნა სივრცე, გახსნა კარები, სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რათა მათ მიაღწიონ შეთანხმებას იმიტომ, რომ ნამდვილად საზოგადოებისთვის არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიები როგორ კამათობენ ერთმანეთში მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით, ან ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ან ვინ დაიკავებს მინისტრის პორტფელს.
საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტულად ერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური პარტიები ჩაებან საარჩევნო კამპანიაში, გავიდნენ ხალხში, ურთიერთობონ და მათი პრობლემები გაიგონ და ხალხთან ერთად გადაწყვიტონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედი ხალხის სასარგებლოდ," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.