18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ბიძინა თუ მიშა - ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი საქართველო ვიყოთ ამ ტყვეობაში არჩევნების დროს - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველა საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგეს, თუმცა ამაში კატასტროფას ვერ ხედავს.

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მრავალპარტიული პარლამენტის მიღწევა და დასრულება იმ პრაქტიკისა, რომელიც, მისი სიტყვებით, გულისხმობს რომელიმე ერთი პარტიის მიერ ხელისუფლების უზურპაციას. 

"არ არის გამორიცხული, რომ ყველა ოლქში შეთანხმება ვერ შედგეს და ჩვენც ყველა ოლქში არ დავუჭიროთ მხარი კანდიდატურებს, მაგრამ ესეც არ არის კატასტროფა. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დაუჭერთ მხარს, ეს განცხადება შეიძლება ნიშნავდეს, რომ, პირობითად, ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" ისეთ კანდიდატს, როგორიც არის ნიკა მელია დავუჭიროთ მხარი, ასევე, შეიძლება ლელოს კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი. ასე რომ, "ქართულმა ოცნებამ" დაანებოს თავი ამ მცდელობას, რომ ყველა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებლად გამოგვაცხადოს.

მე არავითარ შემთხვევაში არ მივცემ არავის იმის უფლებას, რომ ტყვედ ამიყვანოს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ არამარტო მე, არამედ მთელი საქართველო აიყვანოს ტყვედ და ვიყოთ ამ ტყვეობაში არჩევნების დროს - ბიძინა თუ მიშა, "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ქართული ოცნება."

თუ ჩვენ ახლა, ოპოზიციური ერთობით არ გავარღვიეთ ეს წრე, რომელიც მრავალპარტიულ პარლამენტს მოგვიტანს და არა რომელიმე პარტიის უზურპაციას, თუ ეს არ დავარღვიეთ, რასაც ჰქვია ბიძინა თუ მიშა, 2024-სა და მომდევნო წლებში ისევ იმავე წრეზე ვიქნებით.

არ ვაპირებ, თავი მოვატყუებინო და ჭკუაში მოგვიგოს ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ საფრთხობელად უნდა მუდმივად გამოიყენოს სააკაშვილის დაბრუნება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები