"ახალი საქართველოს" ლიდერმა "დღის კურიერის" ეთერში იმ კრიტიკაზე ისაუბრა, რომელიც მისი, როგორც ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას მოჰყვა. გიორგი ვაშაძის თქმით, მას არ სურს კომენტარის გაკეთება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების იმ განცხადებებზე, რომლებიც მის მიმართ ნდობის დაკარგვას ეხებოდა:
"არ ვაპირებ ბარამიძის ნასაუბრებზე პასუხის გაცემას, არა იმიტომ, რომ პასუხი არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ერთიანობის და კონსოლიდაციის იდეას ეს ყველაფერი აზიანებს, მინდა ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, რომ ფრთხილად ვიყოთ საჯარო განცხადებებში, ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" უნდა განხეთქილება და დისონანსი შეიტანოს ოპოზიციაში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე პრემიერობის კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა არჩევნებამდე ამაზე ჩამოყალიბება უნდა მოხდეს, რადგან როგორც მან აღნიშნა, ხალხი არ აძლევს ცვლილებებს ხმას თუ არ არის გარკვეული ვინ არის პასუხისმგებელი ამის შესრულებაზე:
"თაკო ჩარკვიანი ჩემი მხარდამჭერი კი არ არის, არის "გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიას" სუბიექტი, რომელმაც საკუთარი პოზიცია თქვა ჩემთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ჩემს შეფასებებზე , მაგრამ მე მყისიერად განვაცხადე, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება კონკრეტულად პრემიერ-მინისტრობის ან სხვა პოზიციების საკითხები, უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო სტრატეგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიამ" დააყენოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ხალხი არ აძლევს ცვლილებებს ხმას, თუ არ არის გარკვეული, ვინ არის პასუხისმგებელი ამის შესრულებაზე, ამ ეტაპზე ეს საკითხი დახურულია, ამის დრო მოვა. შეიძლება იყოს სოციოლოგიური კვლევები,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.