გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მაჟორიტარული ოლქებიდან ერთ-ერთში ოპოზიციის მხრიდან სწორედ "ახალი საქართველოს" კანდიდატი იქნება წარდგენილი. ვაშაძის თქმით, განიხილება მისი კანდიდატურა. ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"გუშინდელი დღე წარმატებული დასასრული იყო იმ გარკვეული პერიპეტიების, რომელიც მიმდინარეობდა ოპოზიციურ ფლანგზე. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ვანერვიულეთ ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალა ერთიანობაშია და ისინი ივანიშვილის დამარცხების ერთადერთ მექანიზმად ხედავენ ოპოზიციის თანამშრომლობას. გუშინდელი განცხადების მერე ვთვლი, რომ არაფერი დიდი პრობლემა არ გვექნება მაჟორიტარულ კანდიდატებზე საბოლოოდ ჩამოყალიბების. ხვალ-ზეგ გვექნება შეხვედრები და მაქსიმუმ მომავალ კვირაში უკვე საერთო კანდიდატებს უკვე სახელებით და გვარებით შევძლებთ რომ დავასახელოთ. ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა რაიმე პოზიციის დაკავება ან სადმე წასვლა მაჟორიტარად, ერთიანობას რაც დასჭირდება, მზად ვარ ის გადაწყვეტილება მივიღო, იყო განხილული ჩემი კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარებს შორის," - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამაზე ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს კონსულტაციები. მისი თქმით, აუცილებელია მსჯელობა კონკრეტულ პიროვნებებზე, ვის შეუძლია უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს ამა თუ იმ ოლქის ამომრჩეველში.