18 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
რომელ პარტიას დაუკავშირებენ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები პოლიტიკურ მომავალს - მათი ნაწილი კონსულტაციებს ადასტურებს

რომელ პოლიტიკურ გაერთიანებაში შეიძლება წავიდნენ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც ახლა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით არიან? პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ "ლელოსგან" პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება ნამდვილად მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

საკითხზე მსჯელობას ადასტურებს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ხულორდავაც, თუმცა ამბობს, რომ ჯერ საბოლოოდ არც ისაა გადაწყვეტილი, იქნება თუ არა პოლიტიკურად აქტიური მომავალი ციკლის განმავლობაში:

"ფიქრი, რა თქმა უნდა, ამაზე გვაქვს. ვფიქრობთ, ერთმანეთში ვმსჯელობთ, რამდენიმე კოლეგას გვაქვს მჭიდრო კონსულტაციები, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, ფაქტია, რომ მარტო ადამიანი პოლიტიკაში არ არსებობს. საერთოდაც არ მაქვს გადაწყვეტილი, ვიქნები თუ არა აქტიური შემდეგი ციკლის განმავლობაში პოლიტიკაში," - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ლევან კობერიძის თქმით, მას გარკვეული კრიტერიუმები აქვს იმასთან დაკავშირებით თუ ვისთანაა თანამშრომლობა შესაძლებელი:

"ველაპარაკები ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ძალას და ინდივიდუალურ პოლიტიკოსს, რომლებიც ჩემთვის ჯდებიან შემდეგ კრიტერიუმებში, ეს უნდა იყოს სიახლე, თავისი წარსულით მათ თამამად უნდა შეეძლოთ მოქალაქეებისათვის თვალებში ჩახედვა," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, ამ მხრივ არჩევანი მწირია და  განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიდის ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, როგორიცაა "ლელო", ალეკო ელისაშვილის მოძრაობა, ასევე, ანა დოლიძე და თამარ ჩუგოშვილიც.

დამოუკიდებლად აპირებენ პოლიტიკური მომავლის გაგრძელებას ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები.

"ჩვენი ფრაქციის აბსოლუტური უმრავლესობა ერთად ვაპირებთ პოლიტიკური გეგმების გაგრძელებას," - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, რომელიც პატივისცემას უდასტურებს "ლელოს",  თუმცა აცხადებს,  რომ კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

დღის ამბები