დავით გარეჯში სადაო ტერიტორიის გამო შექმნილ ვითარებას შალვა ნათელაშვილი ბრიფინგით ეხმაურება. მისი განცხადებით, სახეზეა ანექსია და ოკუპაცია. შალვა ნათელაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ დაეწყო ორმხრივი მოლაპარაკებები აღძრა საქმე უშიშროების სამსახურში.
“ჩვენ ამ დღეებში ვერ შევძელით აღგვენიშნა გარეჯობა. ეს სივრცე წაიღო პრეზიდენტმა ალიევმა. სახეზეა ანექსია, ოკუპაცია, აგრესია და საერთაშორისო სამართლებრივად, ამას სხვა არაფერი არ ჰქვია. ივანიშვილის რეჟიმმა ნაცვლად იმის, რომ დაეწყო ორმხრივი მოლაპარაკებები, მომხდარიყო მისი გააქტიურება, ფეხზე დაეყენებინა საერთაშორისო ორგანიზაციები, მოეხდინა ალიევის ტვირთების სანქცირება საქართველოს ტერიტორიაზე, აეწია ტარიფები, აღძრა საქმე უშიშროების სამსახურში, რომლის თანახმადაც, თუ ვინმე ხმას ამოვიღებთ შექმნილ რეალობაზე, ყველას გვემუქრება ციხე, რასობრივი შუღლის გაღვივების გამო. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხები ერთად ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ. აქ საუბარია დანაშაულებრივ მთავრობათა პოლიტიკაზე, რითაც ორივე ხალხი ზარალდება. ამიტომ, რამდენიმე თვეში, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთანავე, აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ტერიტორიული ხელყოფისთვის, რომელიც ითვალისწინებს უვადო პატიმრობას," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. ამ საკითხზე დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, დავით ქაცარავა. ასადოვის ინფორმაციით, დღეს სუსში კიდევ რამდენიმე პირი გამოკითხება.