18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიციაში ადასტურებენ, რომ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძის კანდიდატურა განიხილება

"ახალი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის ვაკის მაჟორიტარულ ოლქში შესაძლო მაჟორიტარობას, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

მათი თქმით, გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი კანდიდატია და კონსულტაციები ამ საკითხზე გრძელდება.

"ჩვენ წარვადგინეთ "ნაციონალური მოძრაობის" სახით ორი კანდიდატურა, დანარჩენმა ლიდერებმა შეთანხმება 6 ოლქთან მიმართებაში უნდა მოახერხონ. ჩვენ, ბუნებრივია, გიორგი ვაშაძეს, ალეკო ელისაშვილსა და სხვა ლიდერებს მხარს დავუჭერთ, რომ მათი წარდგენა და ნომინირება საერთო ოპოზიციის მხრიდან მოხდეს შესაბამის ოლქებში," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

"გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, კონკრეტულად, თბილისის ერთ-ერთ სამაჟორიტარო ოლქში განიხილება, მაგრამ ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩამოყალიბებულ პოზიციას გავაცნობთ თავად კანდიდატს და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს, მას შემდეგ, რაც გაიმართება ჩვეულ ფორმატში შეხვედრა "ლეიბორისტების" ოფისში. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იქნება განხილული ყველა სამაჟორიტარო ოლქი", - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.

თავის მხრივ, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "კურიერთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს შეთანხმება ვაკის მაჟორიტარულ ოლქში მისი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით. რომელ პოლიტიკურ ძალებს შორის შედგა კონსენსუსი, ამას "ახალი საქართველოს" ლიდერი არ აკონკრეტებს.

დღის ამბები