18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"კატეგორიულად გამოვრიცხავთ "ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას" - მმართველი გუნდის ყოფილი წევრები პარტიას ქმნიან

5 დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის - "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც უმრავლესობიდან წასულმა პარლამენტის წევრებმა დააფუძნეს.

ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ. ახალ პარტიას ჯერ პროგრამა არ წარუდგენია, მაგრამ უკვე გააკეთა განაცხადი, რომ მათი პოლიტიკური ორიენტაცია პროდასავლური იქნება. ასევე, ეცდებიან, დაამკვიდრონ ახალი დღის წესრიგი და კიდევ ერთი - ისინი არ გეგმავენ მაჟორიტარული ოლქების გაყოფას სხვა პარტიებთან.

"ადამიანს არა ბატონი, არამედ მსახური სურს პოლიტიკოსში დაინახოს. როცა პოლიტიკოსები მათ მიღმა ინაწილებენ მანდატებს, ქმნიან სიებს, ლაპარაკობენ მაჟორიტარებზე და ისეთ განწყობას ქმნიან, რომ ამომრჩეველს მერე მზად უნდა შეახვედრონ ეს ყველაფერი, მე არამგონია, რომ ეს ამომრჩევლისთვის მისაღები იყოს. ხალხი მონაწილე უნდა გახდეს ამ პროცესის. უნდა იგრძნოს, რომ ამით ქმნის არა სააკაშვილის, ან ივანიშვილის გამარჯვების დღეს, არამედ ჩვენი საქართველოს გამარჯვების დღეს,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანმა, პოლიტიკური მოძრაობის "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" წევრმა გედევან ფოფხაძემ.

"ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე პარტია ან რომელიმე პოლიტიკოსი  იზიარებს სწორედ ამ ღირებულებებს, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ და აქვს სწორედ ის გამოცდილება ბრძოლისა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მათთან შეიძლება თანამშრომლობა. მაგრამ ასეთი პარტიების არსებობის რესურსს ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ," - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრმა, "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" ლიდერმა ბექა ნაცვლიშვილმა.

"ჩვენთვის ამ ეტაპზე არის ორი პოლუსი, როგორც ქართული ოცნების, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" და მის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური პარტია. კატეგორიულად გამოვრიცხავთ ორივე ძალასთან თანამშრომლობას, - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე, "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრმა მარიამ ჯაშმა.

დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციიდან ამ პარტიაში არ გაწევრიანდებიან კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე, რომელიც დღეს გამართულ პრეზენტაციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ.

"მე მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, ისინი ჩემი მეგობრები არიან. მე საზოგადოებრივი პოზიცია ყოველთვის გამაჩნდა და ახლაც გამაჩნია. პოლიტიკური ვითარება არის რთული. ჩემთვის ფიქრის და განსჯის საკითხია, დავრჩები თუ არა პოლიტიკაში და რა ფორმით,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა კობა ნარჩემაშვილმა.

"მე გავერთიანდი, იმიტომ, რომ მინდა გავარღვიო ეს დახურული წრე, რომელიც შეიქმნა "ნაციონალური მოძრაობის" და " ოცნების" მიერ. მინდა შემოვატრიალო ეს ქვეყანა ნათელი მხარისკენ," - განაცხადა ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" პოლიტსაბჭოს წევრმა რამაზ ბლუაშვილმა.

დღის ამბები