უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება რომელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაასახელებენ საკუთარ კანდიდატებს თბილისის 8 საარჩევნო ოლქში.
ორ ოლქში - გლდანსა და სამგორში კანდიდატების დასახელების სურვილი უკვე გამოთქვა "ნაციონალურმა მოძრაობამ", თუმცა კონკრეტული პიროვნებები ჯერ უცნობია. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ დარჩენილ 6 ოლქში შეთანხმებულ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათი მთავარი მიზანი კანდიდატების სწორად შერჩევა და "ქართული ოცნების" დამარცხებაა.
"კანდიდატები ჯერ განსაზღვრული არ არის. რაც შეეხება 6 ოლქს, ეს 6 ოლქი დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ახლა უკვე ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება წარმოდგენილი. მთავარია, რომ ეს შემადგენლობა რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს. თითოეულმა ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა უნდა დაინახოს საკუთარი კანდიდატი თბილისის 8 ოლქში," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
"მთავარი გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ გააძვრინოს ვერც ერთი მაჟორიტარი, რადგანაც მან ძალიან კარგად იცის, რომ ხელისუფლებას კარგავს და ვერავითარი "ქოცები" და "ოცნება" ვეღარ იქნება. ამიტომ ის შეეცდება შეაკოწოწოს "ოცნების" ნაგლეჯებისგან მომავალი უმრავლესობა და ამით გადაირჩინოს პოლიტიკური მდგომარეობა," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.
"არის წარმოდგენილი გარკვეული პოლიტიკური კანდიდატები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ჩვენ, ჩვენი მხრივ, განხილვის პროცესში ვართ. ამ კანდიდატებს წარვუდგენთ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს," - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.