18 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
ვინ იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში - წინასწარი ინფორმაცია ვრცელდება

როგორ გადაანაწილებს 30 ოპოზიციური პარტია საკუთარ კანდიდატებს 6 მაჟორიტარულ ოლქზე - საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იმსჯელებენ.

მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ კანდიდატებს მხოლოდ სამგორისა და გლდანის ოლქში წარადგენს, ვერსიები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებითაც გავრცელდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მაჟორიტარობისთვის არა - დუშეთში, არამედ დედაქალაქში, ისნის რაიონში იბრძოლებს; თბილისში განიხილება, ასევე, ალეკო ელისაშვილის კანდიდატურაც. "ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე" გიორგი ვაშაძე საკუთარ თავს ვაკის მაჟორიტარად მოიაზრებს; ვაკის მაჟორიტარ კანდიდატად მოიაზრება "ევროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარიაც

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. 

"მაჟორიტარულ ოლქებზე პარტიების შეთანხმება არის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, თბილისში ივანიშვილის პირველივე ტურში დასამარცხებლად. უახლოეს დღეებში დასრულდება ეს მოლაპარაკებები და "ევროპული საქართველო" ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სწრაფადვე დასრულდეს მოლაპარაკებები საქართველოში სხვა მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით იმისათვის, რომ ოპოზიციური პარტიები გადავერთოთ ადგილზე ამომრჩეველთან აქტიურ მუშაობაზე ადგილზე, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია მთლიანად პროცესის,"-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ 20 ივნისისთვის შეთანხმება უკვე მიღწეული იქნება. 

"გვაქვს მონახაზი საკუთარი კანდიდატებისა ამ ოლქში და ეს იქნება მალე გაცხადებული, მას შემდეგ, რაც გაფორმდება შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 20 ივნისს ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით და საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს იხილავს მთელი საქართველო. დიდი იმედი გვაქვს, რომ მასში იქნება ყველა ის მთავარი პარტია, რომელიც სამომავლოდ მოახდენს ამ ხელისუფლების დემონტაჟს,"-განაცხადა გოცირიძემ.

 "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ მისი პარტიისთვის მთავარია ერთიანობა.

"ჩვენ ყველაგან უნდა გვყავდეს საკუთარი წარმომადგენელი და გვეკუთვნის კიდეც, მაგრამ დამოკიდებული იქნება კონსულტაციებზე, როგორ გადავწყვეტთ და ამ ეტაპზე რა არის საჭირო. ჩვენთვის მთავარია პოლიტიკური ერთიანობა ამ საკითხებში. არც ეს არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, დედაქალაქში კონსოლიდაცია და რეგიონებში თანამშრომლობა, შეიძლება რეგიონებში ისეთი კანდიდატები იყოს, რომ ერთმანეთთან ჭიდილიც არ იყოს საჭირო,"-განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

დღის ამბები