18 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ჩვენი სოციალური პოლიტიკა უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების ფიზიკურ შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და არა ადამიანების განვითარებაზე - ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" ბექა ნაცვლიშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მათი ახალი პარტია მოქალაქეებს სოციალურ თანასწორობაზე დაფუძნებულ დღის წესრიგს შესთავაზებს.

ნაცვლიშვილის თქმით, სახელმწიფომ, პირველ რიგში, ეკონომიკის განვითარებაზე უნდა იზრუნოს.

"ჩვენს მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა, შევთავაზებთ სოციალურ თანასწორობაზე, სამართლიანობაზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ და ეკონომიკურ წესრიგს და შევთავაზებთ განსხვავებულ ეკონომიკის პოლიტიკას. ჩვენ ვცხოვრობთ ნეოლიბერალური ეკონომიკის პირობებში, სადაც 30 წლის განმავლობაში გვინერგავდნენ, რომ სახელმწიფოს როლი არის მხოლოდ ჯარი და პოლიცია და სახელმწიფოს ეკონომიკასთან არაფერი ესაქმება. არადა, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის გარეშე, უბრალოდ, ეკონომიკა ვერ ვითარდება. ჩვენ ახლაც, პანდემიის პირობებშიც, ძალიან კარგად დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. სახელმწიფო უნდა დავაბრუნოთ ამ პროცესში. ამისთვის არსებობს უამრავი მექანიზმი, რომლის გეგმას ძალიან მალე წარმოვადგენთ.

დღეს ჩვენი სოციალური პოლიტიკა უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების ფიზიკურ შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და არა ადამიანების განვითარებაზე. თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, ქვეყანაში ის უთანასწორობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ჩაცემენტდება. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დარჩება იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის. ადამიანის ფიზიკური გადარჩენა არ არის სოციალური პოლიტიკა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლება," -  განაცხადა ნაცვლიშვილმა.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია შეიქმნა. უმრავლესობიდან წასულმა 5-მა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" - ასე ჰქვია პარტიას, რომელშიც ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაწევრიანდნენ. უკვე გაიმართა პარტიის პრეზენტაცია, რომელზეც ითქვა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ემზადება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიაში არ იქნება ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" კიდევ ორი წევრი - კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე.

დღის ამბები