პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი და ახლად შექმნილი პარტიის "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრი ბექა ნაცვლიშვილი 2020 წლის არჩევნებზე პარტიის მოლოდინებსა და შედეგებზე "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტიის წევრებს ძალიან კარგი მოლოდინები აქვთ და აღნიშნავს, რომ პარტია მზად არის ნებისმიერი გამარჯვებისთვის იბრძოლოს.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია გაკოტრებულია როგორც მორალურად, ასევე ინტელექტუალურად, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოებულ მავნე პოლიტიკურ პრაქტიკაზე უარი ვერ თქვა.
"მოლოდინი გვაქვს ძალიან კარგი. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, შეიძლება ისე ჟღერდეს, მაგრამ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია როგორც მორალურად და ინტელექტუალურად გაკოტრებული ძალა, საზოგადოებაში მხარდაჭერას აღარ იმსახურებს. იმსახურებს მხოლოდ იმ ვიწრო ჯგუფში, რომელიც ტრადიციულად მას მხარს უჭერს და "ქართული ოცნება", რომელმაც ვერ თქვა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოებულ მავნე პოლიტიკურ პრაქტიკაზე უარი. არიან ადამიანები, რომლებმაც ზურგი აქციეს "ქართულ ოცნებას", რომლებიც არიან ჩვენს რიგებში და სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერის საფუძველზე ჩვენ ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ამ ადამიანთა რაოდენობა არის საკმაოდ დიდი," - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
ბექა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ მათი ახალშექმნილი პარტია პარლამენტში შევა, თუმცა ამბობს, რომ ეს მათი მთავარი ამოცანა არ არის. ის აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი მანდატით შევლენ საკანონმდებლო ორგანოში, მით უფრო მძიმე წონა ექნებათ მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
"ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის. გამარჯვების ნებისმიერი შედეგი ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი გამარჯვება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ახლად ჩამოყალიბებული პარტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვიქნებით პარლამენტში, მაგრამ პარლამენტში მოხვედრა პანაცეა არ არის. მთავარი არის, რომ დავასრულოთ ეს ჩაკეტილი, არაფრის მომცემი წრე, რომელიც შეიქმნა საქართველოში ამ ორ პარტიას შორის კინკლაობის საფუძველზე, მე პირდაპირ კინკლაობას ვარქმევ ამას იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, "ნაციონალური მოძრაობა" არის გაკოტრებული როგორც ინტელექტუალურად, ისე მორალურადაც და "ქართული ოცნება" არის ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში.
რაც უფრო ბევრი მანდატი იქნება, რაც უფრო დიდი ძალით შევალთ პარლამენტში, მით უფრო მძიმე იქნება ჩვენი წონა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ცხადია. ჩვენ არანაირ გათვლას არ ვაკეთებთ, არანაირი გეგმა კონკრეტული არ გვაქვს, რომ ვთქვათ, 30 მანდატი და იმის შემდეგ უარს ხომ არ ვიტყვით ხალხმა თუ მხარდაჭერა გამოგვიცხადა?!" - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია შეიქმნა. უმრავლესობიდან წასულმა 5-მა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" - ასე ჰქვია პარტიას, რომელშიც ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაწევრიანდნენ.
უკვე გაიმართა პარტიის პრეზენტაცია, რომელზეც ითქვა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ემზადება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიაში არ იქნება ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" კიდევ ორი წევრი - კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე.