ახლადშექმნილი პარტიის, "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" წევრი ბექა ნაცვლიშვილი პარტიის გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც დეპუტატმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მის პარტიას საერთო ვერ ექნება მათთან, ვისაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ტიპის შეთანხმება აქვთ მიღწეული.
"ეს გზა კი არ აგვირჩევია, ეს არის ჩვენი პრინციპი, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათთან გვაქვს ღირებულებებით განსხვავება. ვინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაჯდება სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს მაჟორიტარებზე შეთანხმება თუ სხვა რამე, მათთან ჩვენ საერთო არ გვაქვს. ვართ წინააღმდეგი "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პარტიის და ვართ წინააღმდეგი "ქართული ოცნების". ყველა პარტია, ვინც მოლაპარაკების მაგიდასთან ზის, რა თქმა უნდა ჩვენთვის არის მიუღებელი. თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რამე აერთიანებთ, მაშინ ჩვენთან მათ საერთო არაფერი ექნებათ,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიზანი უნდა იყოს არა ვინმეს "გადაგდება", არამედ არსებული შინაარსის შეცვლა ახალი პროგრამით და ხედვებით.
"დღის კურიერის" კითხვაზე, რომელიც პარტიის წევრის, ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებაზე მარიამ ჯაშის ხელმოწერას ეხებოდა, ბექა ნაცვლიშვილმა ასე უპასუხა:
"მარიამ ჯაში იქ არ ყოფილა იმისთვის, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმებულიყვნენ და რაღაც საერთო სტრატეგია ჩამოეყალიბებინათ. მარიამ ჯაშმა თავისი ხელმოწერით ხელი შეუწყო, რომ კონსესუსი მომხდარიყო მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში, რათა არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული ფორმით. ამგვარ დოკუმენტზე მეც მაქვს ხელი მოწერილი, რომელიც უშუალოდ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას, რომ ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.
თანამშრომლობის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, მაგრამ ვინმე თუ გამოთქვამს სურვილს და გაიზიარებს ჩვენს პრინციპებს, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, ოღონდ არა იმ პარტიებიდან, რომლებიც იქ სხედან," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია შეიქმნა. უმრავლესობიდან წასულმა 5-მა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. "ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი" ასე ჰქვია პარტიას, რომელშიც ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაწევრიანდნენ. პარტიაში არ იქნება ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" კიდევ ორი წევრი - კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე.