პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე და პარტია "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრი მარიამ ჯაში "დღის კურიერში" აცხადებს, რომ პარტია კონკრეტულ პროგრამაზე მუშაობს და ოფიციალურ პრეზენტაციას 1 აგვისტოს გამართავს.
მარიამ ჯაშის განცხადებით, "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" პარტიის შინაარსობრივი პროგრამის ფოკუსირება სწორედ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე, ახალგაზრდებსა და შშმ პირებზე გაკეთდება. ასევე, პროგრამით გათვალისწინებული იქნება ემიგრანტებისა და დიასპორის ჩართულობა საქართველოში განვითარებულ პროცესებში.
"ჩვენი ამბიცია არის, რომ შინაარსობრივი პროგრამა შევთავაზოთ, რომელიც იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი სხვადასხვა მიმართულებით. 1-ლ აგვისტოს გვექნება კონკრეტული პროგრამა, მაგრამ დღესვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გვექნება განსაკუთრებული ფოკუსი დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ემიგრანტებისა და დიასპორის შინაარსობრივ ჩართვაზე მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ რეალურად მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ საქართველოში განვითარების პროცესებში.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დეტალებზე ვმუშაობთ და 1-ლ აგვისტოს იქნება პრეზენტაცია, ყველა დეტალს და სიახლეს, ნოვაციას, რომელსაც შესთავაზებს ჩვენი გუნდი საზოგადოებას, სწორედ 1-ლი აგვისტოსთვის შეიტყობს საზოგადოება," - აცხადებს მარიამ ჯაში.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია შეიქმნა. უმრავლესობიდან წასულმა 5-მა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" - ასე ჰქვია პარტიას, რომელშიც ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაწევრიანდნენ. უკვე გაიმართა პარტიის პრეზენტაცია, რომელზეც ითქვა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ემზადება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიაში არ იქნება ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" კიდევ ორი წევრი - კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე.