პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე, პარტიის "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" წევრი მარიამ ჯაში დღის კურიერში სტუმრობისას განმარტავს, თუ რატომ არ უერთდებიან მათ ახალ პარტიას კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე.
"ბატონმა კობა ნარჩემაშვილმა თავიდანვე, ჩვენ როდესაც ფრაქციას ვქმნიდით და ვიწყებდით საუბარს ახალი პოლიტიკური პარტიის ფორმირებაზე, მან თავიდანვე განაცხადა მისი პოზიცია, რომ ის ჯერ კიდევ ფიქრობს გააგრძელებს თუ არა პოლიტიკაში მოღვაწეობას. მოგეხსენებათ, რომ მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამისად, მისი არჩევანი ჯერ კიდევ არის გაურკვეველი - ის დარჩება პოლიტიკაში თუ წავა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გუშინაც კი ბატონი კობა იყო ჩვენ გვერდით და ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა პარტიის ჩამოყალიბებისთვის. მე მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.
რაც შეეხება ლევან კობერიძის პოზიციას, ჩვენ სწორედ იმიტომ წამოვედით ქართული ოცნებიდან, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური მიდგომა იყო პრაქტიკულად თავისუფალი აზრისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა შევქმენით ფრაქცია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ არ გვქონდა არასდროს პირობა ერთმანეთისთვის დაყენებული, რომ ყველა წევრის აზრი აბსოლუტურად უნდა დამთხვეოდა ერთმანეთს.
ლევან კობერიძე, ასევე, აგრძელებს კონსულტაციებს. შესაძლოა მისთვის ის იდეოლოგია, რომელიც სხვა პარტიების მხრიდან არის შეთავაზებული, იყოს უფრო მისაღები. ამდენად, თუკი ლევანი სხვა პარტიებთან გადაწყვეტს მოღვაწეობას, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა არ სრულდება," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია შეიქმნა. უმრავლესობიდან წასულმა 5-მა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" - ასე ჰქვია პარტიას, რომელშიც ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაწევრიანდნენ. უკვე გაიმართა პარტიის პრეზენტაცია, რომელზეც ითქვა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ემზადება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიაში არ იქნება ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" კიდევ ორი წევრი - კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე.