18 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
სამგორის ოლქში ზაალ უდუმაშვილი, გლდანში კი ნიკა მელია - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატების სავარაუდო სქემა

ოპოზიცია საარჩევნო ბრძოლის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობას დისკუსიების მაგიდასთან უახლოეს პერიოდში ისევ გააგრძელებს. "ლეიბორისტების" ოფისში თბილისის მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაზე უნდა იმსჯელონ, მანამდე კი შიდა პარტიული კონსულტაციები იმართება. მისია რთულია, თუმცა შეუძლებელი არ არის - აცხადებენ ლიდერები. 30 პოლიტიკური გაერთიანება 6 ოლქში შეთანხმებას შეეცდება. ვის ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი დედაქალაქში, რა კრიტერიუმებით გამოავლენენ საუკეთესოებს - კონკურენცია დიდია. 

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო გადაიდო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ორ ოლქში უკვე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და არ არის გამორიცხული, სამგორის ოლქში ამ პარტიის სახელით ზაალ უდუმაშვილმა იბრძოლოს, გლდანში კი ნიკა მელიამ.

"კურიერი" ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მაჟორიტარობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა რომელ ოლქში აპირებს კენჭისყრას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

"არ დაგიმალავთ, რომ იმ მრავალ კანდიდატს შორის, რომელიც ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას", ერთ-ერთ კანდიდატად მაჟორიტარობის მეც განვიხილები, მაგრამ ასე განიხილება რამდენიმე ათეული ადამიანი ჩვენს პარტიაში. სადაც გადავწყვიტავთ, რომ უფრო მეტი შედეგი იქნება მოტანილი როგორც პარტიისთვის, ასევე მთლიანად ოპოზიციური ერთიანობისთვის, იქ დავდგები.

არა მხოლოდ გლდანში განიხილება ნიკა მელია, ასე გეტყვით, ასარჩევი და გადასაწყვეტი ძალიან ბევრი რაღაც არის," - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" სიის პირველ ნომერს დავით ბაქრაძეს, ისიც შესაძლოა დედაქალაქში მაჟორიტარობის სიაში ვიხილოთ, ამავე პარტიიდან ვაკის ოლქში კი ელენე ხოშტარიას საკითხიც განიხილება.

"ადგილების პრობლემა არ არის. მიმდინარეობს კონსულტაცია სწორედ ამაზე, როგორ ვუზრუნველვყოთ მეტი მრავალფეროვნება ამომრჩევლისთვის და ამ შემთხვევაში მრავალფეროვანი არჩევანი ნიშნავს ძლიერ არჩევანს და იმის ჩვენებას, რომ მთელი ოპოზიცია ერთად დგას.

2-ზე მეტი არ გვექნება, ვიმეორებ, ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა ის, რომ რომელიმე პარტიამ მეტი ოლქი აიღოს, არამედ ის, რომ იყვნენ ცნობადი და მაღალი პოლიტიკური კალიბრის ლიდერები. რა თქმა უნდა, მე ვიქნები ძალიან აქტიურად ჩართული როგორც "ევროპული საქართველოს" პირველი ნომერი პარტიულ კამპანიაში და პროპორციულ ნაწილში და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმების შემთხვევაში ვიყო ასევე თბილისის მაჟორიტარიც ერთ-ერთი რაიონის," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

ოპოზიციურ რვიანში შესაძლოა ასევე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვიხილოთ, ასევე ალეკო ელისაშვილიც.

ამ დროისთვის კონსულტაციები პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოსთან" მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, კონსულტაციების დასრულების შემდეგ თბილისის 8 ოლქიდან 2-ში ამ პარტიასაც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი, რომელიც ოპოზიციური მაგიდის წევრია, ფიქრობს, რომ მთავარი კვოტებზე შეთანხმება და კონსენსუსი არ არის და რომ მთავარი, ოპოზიციური ძალების კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების გარშემო გაერთიანებაა, ვისაც ამა თუ იმ ოლქში გამარჯვების მოპოვების უფრო მეტი შანსი აქვს.

"მაჟორიტარული არჩევნების მთავარი პრინციპი არის არა ის, რომელ პარტიას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, არამედ კანდიდატი რამდენად არის ძლიერი და მისაღები; და არა სქემას რომ ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომ კვოტები გავანაწილოთ. კვოტები გაინაწილონ პროპორციულ სიაში თუ უნდათ და ბლოკებში," - აცხადებს ეკა ბესელია.

დღის ამბები