საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით თითქმის, 42 პროცენტით შემცირდა - ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
"ზოგადად ის, რომ ინვესტიციების მხრივ პირველი კვარტალი ეკონომიკის კუთხით დაბალი იქნებოდა, ეს ეჭვქვეშ არ იყო. ის, რომ აპრილში ეკონომიკის -16%-იანი შესრულებაა, ამას წინ ბევრი რამ უძღოდა. თუკი კონტექსტი არის ის, რომ მთავრობა ვერ უძღვებოდა საინვესტიციო გარემოს, ეს უბრალოდ ტყუილია," - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.
განსაკუთრებული კლებაა ენერგეტიკის სექტორში. მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ კლების ძირითადი მიზეზი პანდემიაა და პრობლემა გლობალურია.
"გლობალური ეკონომიკის შემცირება მთელს მსოფლიოში ხდება, ეს კი ინვესტორების განწყობაზე აისახება. როდესაც მსოფლიო ბაზრებზე გაურკვევლობაა, ინვესტიციებისა და ახალი პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უფრო რთული ხდება," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.