საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შორის სატელეფონო საუბარი ლიეტუვას მხარის ინიციატივით გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის არსებული დინამიკა და სამომავლო პრიორიტეტები, რაზეც 11 ივნისს გაიმართება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში.
უწყების ცნობით, ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და პარტნიორობის ამბიციური მიზნების დასახვასა და განხორციელებაში ერთობლივ ძალისხმევას. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა დეტალურად გააცნო კოლეგას ქართული მხარის პრიორიტეტები.
"ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის აქტიურ და კოორდინირებულ პოლიტიკას კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში. პანდემიასთან წარმატებულად გამკლავების ფონზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურისტებისთვის 1 ივლისიდან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას და აღინიშნა ლიეტუვას მხარის მზადყოფნა, საქართველოსთან, როგორც უსაფრთხო ტურიზმის დანიშნულების ქვეყანასთან, აქტიურად ითანამშრომლოს ამ მიმართულებით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ. ამ კონტექსტში ლინას ლინკევიჩიუსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება და აღნიშნა საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა. დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგას აღნიშნული მიმართულებით და დაუდასტურა, რომ არჩევნები კვლავაც დემოკრატიული სტანდარტების მაღალი დაცვით გაიმართება.
მხარეები შეთანხმდნენ განხილული თემების შემდგომ კოორდინაციაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადბაში.