ახლადდაფუძნებული პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი მარიამ ჯაში არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მათ პარტიას უერთდება.
მარიამ ჯაშის თქმით, მათ სურდათ კვირიკაშვილთან თანამშრომლობა, თუმცა ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
"ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დანაკარგი იყო გიორგი კვირიკაშვილი წასვლა პოლიტიკიდან. ამდენად, საუბრები ამასთან დაკავშირებით, რომ იქნებ დაბრუნებულიყო, არა მხოლოდ პარტიის შექმნამდე, არამედ ბევრად უფრო ადრე გვქონდა, მას შემდეგ, რაც მან დატოვა პოსტი. თუმცა სამწუხაროდ, მისი პოზიცია არის კვლავაც უცვლელი. ის არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას," - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
პარტიის წევრი ლევან გოგიჩაიშვილის თქმით კი, მიუხედავად იმისა, შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი მათ პარტიას, მათ შორის ურთიერთობა შენარჩუნდება.
"ის, რომ ჩვენ პარტიის ჩამოყალიბებას ვაპირებდით, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრ ადამიანთან გვაქვს ნასაუბრები, მათ შორის, შესაძლებელია, ყოფილიყო გიორგი კვირიკაშვილი. ურთიერთობა რჩება ჩვენ შორის, ის არის თუ არ არის ქართულ პოლიტიკაში. საუბრები იყო წარსულში და იქნება მომავალში, იმიტომ რომ ვინც კარგად ვიცნობთ გიორგი კვირიკაშვილს, ურთიერთობის შენარჩუნებას ვაპირებთ," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახლადდაფუძნებულ პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსში" წევრიანდება. თავად გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.