20 ივნისს პარლამენტთან აქცია ჩატარდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ ერთი წლის წინანდელი მოვლენები გააპროტესტონ და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ამ უფლებას ვერ შეზღუდავს.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 20 ივნისს მომავალი ხელისუფლების კონტურები გამოჩნდება.
"ძალიან დიდი ალბათობით, 20-ში ჩვენ ვიხილავთ სიმბოლურად ამ დიდ მიტინგზე იმ შრომის შედეგს, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს. ვიხილავთ მომავალი ხელისუფლების კონტურებს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
განცხადება გააკეთა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
"ეს იყო გამარჯვება ქართული საზოგადოების, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ეს ნარატივი, რასაც ივანიშვილის გუნდი თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ამყარებს, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რომ უნდა შევეგუოთ, რომ არაუშავს იმ ძალებთან თანამშრომლობა და იმ ძალების წინ წამოწევა, ვინც ჩვენ თავისუფლებს პირდაპირ ემუქრება, რომ ეს არ გაუვა არავის საქართველოში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ დაწესებული რეგულაციები შეკრების თავისუფლებას ვერ შეზღუდავს.
"მთავრობის მიერ გამოცემული ინსტრუქცია ვერ დადგება კონსტიტუციაზე მაღლა და შეკრების თავისუფლებას ვერ შეზღუდავს ის რეგულაციები, რაც, ზოგადად, რეკომენდაციების სახით არის მოცემული. ამ შეკრების უფლება მოქალაქეებს აქვთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ აქციის ორგანიზატორები 20 ივნისს პროვოკაციის მოწყობას აპირებენ.
"პროვოკაცია იგეგმება იმისათვის, რათა დარღვევა დააფიქსირონ და საზოგადოება და ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩააყენონ უხერხულ მდგომარეობაში. ერთი წლის მერე არის ის ღონისძიება, როდესაც თავად მოახერხეს და როგორც თვითონვე აღიარებენ, თავადვე შეუწყვეს ხელი იმას, რომ ეს მომხდარიყო, ზოგიერთი უბედური შემთხვევის თანხლებით,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.